Georgian (Georgia)English (United Kingdom)
წყალტუბოს სანატორიუმების ურბანულ-არქიტექტურული ფასეულობის შესახებ

თამარ ამაშუკელი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

ეტიმოლოგია
წყალტუბოს ეტიმოლოგიაზე ერთიანი აზრი არ არსებობს, ვერსიების შესახებ კრებსითი ინფორმაცია თავმოყრილია ოთარ შავიანიძის ნაშრომში „წყალტუბო“
შავიანიძე ო. „კურორტი წყალტუბო“. „საბჭოთა საქართველო“. 1973წ. გვ.3-7, სადაც ავტორი მიმოიხილავს ქალაქის სახელწოდების შესახებ აკაკი შანიძის, ივანე ჯავახიშვილის, კ. მაჭავარიანის მოსაზრებებს. აკაკი შანიძე ფიქრობდა, რომ   სახელწოდება წყალტუბო „ჭანურში ქართულ ტეფ-ს(რომელიც ტფილისში გვაქვს)  ტუბ ან ტიბ შეესატყვისება. აქედან ბტუბურ „ვთბები“ … ეს კოლხური ტუბუ შემონახულია წყალტუბოში, ოღონდ, მისი ბოლოკიდური - უ გადმოკეთებულია ქართულის კვალობაზედ, თანაც, პირველი ნაწილი მთლად გაქართულებულია: წყარ-ტუბუ წყალ-ტუბო“, წყალტუბოს წყაროების პირველ მკვლევარს კ. მაჭავარიანს   მიაჩნდა,  რომ დასახელება ნაწარმოები იყო მეგრული  წყარ-ტუბისგან(წყარი-წყალი, ტიბუ-თბილი). ტერიტორია „ტუმპეებით“ /გუბეებით, ტბორებით/ ყოფილა დაფარული, ამიტომ, ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, წყალტუბო „წყალთუბანისგან“ უნდა იყოს ნაწარმოები, წყალთუბანი წყალუხვ ადგილს ნიშნავს. თავად ოთარ შავიანიძე წყალტუბოს ეტიმონად „წყალტუმპოს“  მიიჩნევს .
ლეგენდა
თქმულების მიხედვით, რომელიც გვიანი შუა საუკუნეებში უნდა იყოს შეთხზული,   მწყემსს, რომელიც ნახირს ამ მიდამოებში აძოვებდა, „ქარები“ აწუხებდა. ერთ დღეს ის დასასვენებლად წყაროსთან  წაქცეულ ხეზე ჩამომჯდარა და ფეხები  ღელეში - „ტუმპოში“  ჩაუყვია, წყლის სასიამოვნო სითბოს  სურვილი აღუძრავს,  დიდხანს ჰქონოდა ფეხები წყალში, ტკივილიც გაუქრა. ამის შესახებ მან ამცნო სოფელს და სამკურნალო წყარომ სახელი გაითქვა ირგვლივ.  ამ დროს სამეგრელოში ცხოვრობდა დავრდომილი, „დახუთული მეგრელიის დიოფალი“, არც ერთი წამალი არ აცხრობდა მის ტანჯვას, როგორც კი სასწაულმოქმედი წყაროს შესახებ ამბავი მის ყურამდე მივიდა, დედოფალი წყაროზე წავიდა და განიკურნა.  მაშინ მეფემ ბრძანა, გაეჩეხათ უზარმაზარი მუხის ტყე, რომელიც ფარავდა ამ მიდამოს. ააგეს სახლები, აბანოები და შეიქმნა სოფელი, რომელსაც ეწოდა წყალტუბო.
კურორტი წყალტუბო
ისტორიული წყაროებით წყალტუბოს მინერალური წყლების სამკურნალო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ XII-XIII საუკუნეებში ყოფილა ცნობილი, რასაც ადასტურებს თედო ჟორდანიას მიერ მოძიებული  და 1246-1250 წლებით დათარიღებული დავით ნარინის დროინდელი სიგელი,  რომელშიც მოხსენიებულია „მაღლაკ აბანოისა სახლი“„მამული ჩემი მკუიდრი, პატრონთაგან ბოძებული, მაღლაკს აბანოისა სახლი პირველცა სადეკანოზოდ შემექმნა  ხუთმეტითა ლიტრითა ზეთითა ხახულია  ღვთისმშობლისათვის შემეწირა და აწცა, ვითა მომიხსენებია , განაღამც  ჰაგრევე მას ჰმსახურებდეს“ - თ.ჟორდანია ქრონიკები, ტფილისი, 1897, გვ.128სიგელს პირველად ყურადღება ნიკო ბერძენიშვილმა მიაქცია და აღნიშნა, რომ  მაღლაკს მდებარე „აბანოისა სახლი“  წყალტუბოს აბაზანებს გულისხმობდა. ამ სიგელის მიხედვით, წყალტუბოს ტერიტორიაზე, ამ პერიოდში, აბანოები უკვე არსებობდა, თუმცა, თავად სახელწოდება წყალტუბო - ჯერ არა. წყალტუბო მოხსენებულია XVI საუკუნის  წერილობით საბუთშიც - იმერეთის მეფეს, გიორგის 1576 წელს თავად წულუკიძისთვის უბოძებია ადგილი „წყალტუბოს გაღმა ბოლო მაღლაკის საზღვრამდე“, საგულისხმოა, რომ ამ სიგელში  წყალტუბოთი არა ადგილი, არამედ, მდინარეა მოხსენებული;  
XVIII საუკუნის ბოლოდან ინფორმაციას  წყალტუბოზე და მის მინერალურ წყლებზე  ვხვდებით, როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოურ წყაროებში.

•    1772 წლის 14 აგვისტოს წყალტუბო მოინახულა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, იოჰან ანტონ გიულდენშტედტმა. ის ჩანაწერებში ახსენებს  მდინარე და სოფელ წყალტუბოს, ასევე,  თბილ წყალს - „თიხიან ორმოში ამოდის თბილი, ბუშტებიანი წყალი, რომელიც მღვრიე, უსუნო და უგემო არის“გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტომი 1. თბ. 1962წ. გვ 147;
•    1782 წელს „ბერლინის საბუნებისმეტყველო საზოგადოების შრომების“ მეშვეობით, ევროპაში, პირველი ცნობები ვრცელდება წყალტუბოს სამკურნალო წყლის შესახებ;   
•    1787 წელს რუსმა აკადემიკოსმა  პეტერ  პალასმა (Peter Simon Pallas) დაამუშავა და გერმანულ ენაზე გამოსცა იოჰან გიულდენშტედტის სამოგზაურო ჩანაწერების ხელნაწერები წყალტუბოს შესახებ;
•    1809 წელს გერმანულიდან რუსულად ითარგმნა იოჰან გიულდენშტედტის „სამოგზაურო ჟურნალი“, რის შედეგადაც, რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაში გაჩნდა ცნობები წყალტუბოს მინერალური წყლების შესახებ;
•    1815 წელს ცნობილი ბუნებისმეტყველი, იულიუს ფონ კლაპროტი ბერლინში, გერმანულ ენაზე გამოცემულ ნაშრომში, იძლევა წყალტუბოს და მისი მინერალური წყლების დახასიათებას;
•    1820 წელს  წყალტუბოს თავის ნაშრომებში მოიხსენიებს ალექსანდრ შერერი;
•     1849 წელს წყაროები ქიმიურად გამოიკვლია და აღწერა აფთიაქარმა ვილემსმა;
•     1855 წელს  კონსტანტინ გრუმ-გრჟიმაილო ნაშრომში „Полное, систематическое, практическое описание минеральных вод, лечебных грязей и купаний в Российской Империи“ ახასიათებს წყალს და აღნიშნავს „მცხოვრებლები დიდი რწმენით უცქერიან  ამ წყაროების  სამკურნალო ძალებს და ყოველ ზაფხულს მრავლად  მოდიან და სარგებლობენ წყლით“;
•    1874 წელს, წყალტუბოს წყაროების შესახებ ინფორმაცია იყო განთავსებული კავკასიის არქეო-გეოგრაფიული  კომისიის მიერ შეგროვებულ „აქტებში“;
•    1875 წელს სპირიდონ სიმონოვიჩი, ლეოპოლდ ბაცევიჩი, და ნ.ი. სოროკინი პირველ გეოლოგიურ ცნობებს გვაწვდიან წყალტუბოს მინერალური წყაროების  შესახებ ( Геологическое описание частей Кутаисского и Шаропанского уездов Кутаисской губернии,1874);
•    1876, 1882, 1884 წლებში  ინფორმაცია წყალტუბოს წყაროებზე იბეჭდება „კავკაზსკი კალენდარში“;
•    1882 და1884 წლებში ლევ ბერტენსონი, სახელმძღვანელოში „რუსეთის და უცხოეთის  სამკურნალო წყლები,  ტალახები, ზღვის საბანაოები“, წყალტუბოს წყლებს აკუთვნებს ტუტიან-მარილიან ჯგუფს;  
•    1889 წელს ვ. მილერი „კავკასიის მხარის სასარგებლო ნამარხები და მადნეულ წყლებში“ ახასიათებს  წყაროების ჰიდრო-გეოლოგიურ სტრუქტურას.
•    1894 წელს ინჟინერი კონშინი აღწერს წყალტუბოს წყაროების გეოგრაფიას. ჰიდროლოგიას, კაპტაჟის უხეირობას;
•    1897 წელს, პროფესორ ალბერტ ოილენბურგის საენციკლოპედიო გამოცემაში, მოყვანილია ზოგიერთი მონაცემი წყალტუბოს მინერალური წყაროების სასიკეთო თვისებების შესახებ;
•    1898 წელს, გენრიხ სტრუვემ, ქიმიური ანალიზის საფუძველზე, წყალტუბოს წყაროები მიაკუთვნა ინდიფერენტულ წყაროებს;
•    1902 წელს, გენრიხ სტრუვეს შემდეგ, პირველად, ქიმოკოსმა ვასილ პეტრიაშვილმა ჩაატარა წყლის  სრულფასოვანი ქიმიური ანალიზი;
•    1913 წელს, სამედიცინო სამმართველომ წყალტუბოში გაგზავნა რობერტ კუპცისი, რომელმაც გააკეთა 9 წყაროს ფიზიკური და ქიმიური ანალიზი. მან წყალტუბოს წყლებში აღმოაჩინა რადიუმის ემანაცია 3-6-8 მახეს ერთეულის რაოდენობით, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ბალნეოლოგიურ კურორტ წყალტუბოსთვის;
•    1913 წელს  კონსტანტინ ფოხტმა ჩაატარა გეოლოგიური გამოკვლევები;  
•    1915 წლის „Целебный Кавказ” N1-2 იბეჭდება გ.ა ბაბეს ვრცელი მიმოხილვა - „წყალტუბოს თბილი წყაროები“;
•    1915 წელს გამოდის კ.მაჭავარიანის „ქუთაისის გუბერნიის სამკურნალო  მინერალური წყლები“;
•    1917 წელს გამოიცა დიმიტრი ნაზარაშვილის მოხსენება „წყალტუბოს წყაროები და მათი სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი მნიშვნელობა“;
•    1917 წელს, მედ. დოქტ. ალექსანდრ ლოზინსკი თავის სახელმძღვანელოში - „პრაქტიკული ექიმის ბალნეოლოგია“ ეხება წყალტუბოს;
ეს არის  მცირე ჩამონათვალი  იმ პროცესებისა, რომელიც ჯერ კიდევ გასაბჭოებამდე  მიმდინარეობდა წყალტუბოში და რომელმაც დიდწილად განსაზღვრა წყალტუბოს მომავალი.

იოსელიანების წყალტუბო
XIX საუკუნის  წყალტუბოში  არსებულ ვითარებაზე შთაბეჭდილებას გვიქმნის  პრესაში „კვალი“, „ივერია“, „ნოვოე აბაზრენიე“, „კავკაზი“ გამოქვეყნებული  სტატიები. 1865 წელს,  გაზეთ „კავკაზში“ მოთავსებულია ი. პონტიუხოვის წერილი, საიდანაც ვიგებთ, რომ ამ დროს, წყალტუბოში, ტბის სახით ხუთი მინერალური წყაროა და რამდენიმე ღამის გასათენებელი ფაცხა.   1870-იან წლებში ერთი წყაროს აუზის კედლები ქვით ამოუშენებიათ. 1886 წელს „ივერია“ გვამცნობს: „წყალი დგას ოთხკუთხს ორმოებში, ორმოები კაცის სიმაღლეზეა გათხრილი, სიგანე ხუთ-ექვს საჟენამდე“. 1893 წელს კი, ასევე, „ივერია“ საკითხს აყენებს, აბანოების  აუზების ჯეროვან მოწყობაზე.
„წყალტუმბოს აბანოებს“ ყოველწლიურად  ათასობით „სხვადასხვა სენით შეპყრობილი ავადმყოფი  და განსაკუთრებით კი  - ქარებიანნი“გაზეთი „ივერია“ 1901წ.  ბესარიონ ვაშაძის კორესპონდენციასტუმრობდა. სეზონი აპრილში იწყებოდა და 1 ოქტომბერს მთავრდებოდა.  აბანოები და წყაროები ადგილობრივ მაცხოვრებლებს, აზნაურ იოსელიანებს ეკუთვნოდათ.   კუთვნილი ქონება მათ იჯარით ჰქონდათ გაცემული.  1896 წელს მეიჯარეთა რაოდენობა 36-ს აღწევდა, მათ შორის „ჯიბრი და კინკლაობა“გაზეთი „ივერია„ 1893წ.საკმაოდ ართულებდა ვითარებას, ამაზე გაზეთი კვალი წერდა „აბანო ორი, მონაწილე  ორმოციო“.გაზეთი „კვალი“ 1896წ.  
1901 წლის ივერია გვამცნობს, რომ საბანაო აუზები ორ, ერთმანეთისგან 60 საჟენით დაშორებულ  შენობაში იყო განთავსებული. ერთს გაღმა, მეორეს კი გამოღმა აბანოდ მოიხსენიებდნენ.სავარაუდოდ, აქ საუბარია წყალტუბოს ორ უძველეს აბანოზე  „იოსელიანების აბანო“(1893წ.), „არქიელის აბანო“ (1896).გაღმა აბანოს ხუთი აუზი ჰქონდა,  გამოღმას - ორი. აუზები საზოგადო  იყო და ერთად 40-60 კაცი ჩადიოდა, ინდივიდუალური აუზები არ არსებობდა. სოფელში ყოფილა აფთიაქი და ჰყოლიათ ფერშალი, თუმცა, „მკურნალის ხსენებაც არ არის“-ო.   ექიმის საჭიროებაზე და სამედიცინო მეთვალყურეობის აუცილებლობაზე საუბრობს  1892 წელს  „ნოვოე აბაზრენიეს“ კორესპონდენტიც: „თუ წყალტუბოს აბანოები ასეთ უმსგავსო მდგომარეობაში დარჩებიან, მათ მეტად ცუდი სამსახურის გაწევა შეუძლიათ გადამდებ დაავადებათა გავრცელების თვალსაზრისით… ერთდროულად ჭლექით, სიფილისით, რევმატიზმით შეპყრობილი ასეული ადამიანი ბანაობს ყოველგვარი მეთვალყურეობის გარეშე”შავიანიძე ო. „კურორტი წყალტუბო“. „საბჭოთა საქართველო“. 1973წ. გვ.10.
გარდა  აბანოებისა, წყალტუბოში, კიდევ ორი თბილი წყარო იყო, ერთი გაღმა, რომელსაც თავის ტკივილის წამლად ასახელებდნენ, მეორე კი გამოღმა, აბანოს სიახლოვეს - ე.წ  „კუჭის წყალი“, სადაც რუსულ-ქართული წარწერა იყო განთავსებული: „მკურნალების შემოწმებით ორი ჩაის სტაქანი ამა აბანოს წყლისა უზმოზედ დილით მიღებისას კუჭის ტკივილს უსპობს“გაზეთი „ივერია“ 1901წ. ივნისი.
აბანოების გარშემო განთავსებული იყო გასაქირავებელი ოთახები - „გარშემო  ორსავე აბანოს  80 მეტი ოთახი იყო  მომსვლელი ავადმყოფებისთვის. ოთახები პატარა იყო, უბრალოდ მოწყობილი, მაგრამ  თითო ოთახში დღე და ღამე მანეთს ახდევინებენ, ბანაობისა კი ერთი დღე და ღამე აბაზი ღირს“შავიანიძე ო. „კურორტი წყალტუბო“. „საბჭოთა საქართველო“. 1973წ. გვ.11. ჩამოსულებს საცხოვრებელი არ ჰყოფნიდათ და ხშირად გლეხები კარავს ფარდაგებისაგან ურმებზე აკეთებდნენ და ასე ათევდნენ  ღამეს. აბანოებთან  არსებული ორი დუქანი არასაკმარისი იყო, ამიტომ მომსვლელებს სურსათ-სანოვაგე თან მოჰქონდათ.
წყალტუბოს სააბაზანოების  ცუდ მდგომარეობაზე ჩივის 1890 წლის ივერია. ისეთი გაუვალი გზებია, ხონიდან წამოყვანილი ექიმი, უგზოობის გამო, ხშირად უკან ბრუნდება, „ავადმყოფს-კი უწამლოდ სული დაულევია“გაზეთი „ივერია“  1890წ. N256, გვ.2. „ქუთაისსა და წყალტუბოს შუა ერთი შარა გზა მიდის, რომლის აქეთ-იქით, მკერდებზედ, ორმოები და თხრილებია დაჭრილი. ამ ორმოებსა და თხრილებში წვიმების დროს უშველებელი წუმპე დგება და ზედ გზაზედ  ხომ გაუვალი ტალახის გორებია“.გაზეთი „ივერია“  1891წ. N264, გვ.21898 წ. ქუთაისის საგუბერნიო ექიმმა, მედიც. დოქტორმა სერგეენკომ, ქუთაისის გუბერნატორს  წარუდგინა მოხსენება  წყალტუბოში არსებული ვითარების შესახებ, სადაც მან ყურადღება გაამახვილა ავადმყოფთა რიცხვის მნიშვნელოვან ზრდაზე და ადგილის სრულ მოუწყობლობაზე. სერგეენკო გადაუდებელ საჭიროებად მიიჩნევს აბანოების კეთილმოწყობას: სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას, საექიმო მეთვალყურეობის დაწესებას, ბალნეოლოგიური დაწესებულებების მოწყობას, ამასთანავე, ის საჭიროდ თვლის წყალტუბოს საზოგადოებრივი მნიშვნელობის კურორტად გამოცხადებას. ქუთაისის გუბერნატორი, მიკლაშევსკი ეთანხმება ექიმ სერეგეენკოს  და შუამდგომლობს მას კავკასიის მთავარმართებლის წინაშე. სამედიცინო სამმართველო, არსებული წესდების თანახმად, წყალტუბოს კურორტად გამოცხადებამდე, წყლების დაწვრილებით ქიმიურ ანალიზის გასაკეთებლად, ქმნის კომისიას. კომისიის მუშაობის შედეგად, 1898 წ. ქიმიკოსი გენრიხ სტრუვე აკეთებს 5 წყაროს ანალიზს და აკუთვნებს მათ ინდიფერენტული წყლების ჯგუფს, რომელსაც სამკურნალო თვისებები არ გააჩნია, ამ დასკვნამ  შეაფერხა წყალტუბოს განვითარება.
წყალტუბოში  1913 წელს არსებული ვითარების  შესახებ  ექიმი  ე. აბულაძე გვამცნობს,  1913 წლის ზაფხულის და შემოდგომის სეზონზე, წყალტუბოს დაახლოებით 40 000 დაავადებული სტუმრობდა.  მიუხედავად  პოპულარობისა, აბანოები სრულიად მოუწყობელი იყო, ისევე, როგორც თავად კურორტი. არ იყო საკმარისი საცხოვრებელი ფართი: „სოფელში არსებული სახლების ნაწილი ხის იყო, ნაწილი კი ქვის, გაულესავი კედლებით, ჩამოგლეჯილი შპალერით. ოთახებში საწოლები არ არის, მათ მაგიერ გამართულია ტახტები. ღუმელები არა დგას.  ბუხრები ზოგ  ოთახშია დაყოლილი. სახურავებიდან  წვიმა ჩამოდის, რის გამოც შენობები დანოტიავებულია. სულ 60 ოთახია. სეზონის დროს ეს ოთახები არა ჰყოფნის. თითო ოთახში თავსდება 5-10 კაცი“წითლანაძე გ. „წყალტუბო“, საქმედგამი. თბილისი 1939წ., გვ.6. აბულაძე წუხს, რომ  მკურნალობა არა საექიმო დაკვირვებითა და დანიშნულებით, არამედ, სააბაზანოების მფლობელების  ან თავად დაავადებულების შეხედულების მიხედვით მიმდინარეობდა.  დაავადებულები დღეში 2-3 ჯერ ბანაობდნენ და წყალში რამდენიმე საათი რჩებოდნენ, ზოგი წყალსაცავში  მთელი ღამე რჩებოდა,  „ნაპირზე თოკით მიბმულები-რომ არ დამხრჩვალიყვნენ“.  ექიმების დაკვირვებით, მიუხედავად ასეთი პრიმიტიული პირობებისა, მკურნალობა მაინც იძლეოდა შედეგს. ამ პერიოდში, წყალტუბოში რამდენიმე სააბაზანო იყო:  „იოსელიანების აბანო“,  (N1 აბაზანა), „აფაქიძეების აბანო“, (სააბაზანო 2), „კოდის წყალი“ (სააბაზანო N3), არქიელის აბანო (სააბაზანო N4). ამ აბაზანებს, 1917 წლისთვის 100-მდე მფლობელი ჰყავდა.
ექიმი დიმიტრი ნაზარაშვილი ცდილობადა დაერწმუნებინა გავლენიანი პირები „რათა ამ უკანასკნელთ იძულებით ჩამოერთმიათ წყალტუბოს წყაროები მათ მფლობელ იოსელიანებისთვის, რომელნიც მოითხოვდნენ ამ წყალტუბოს ფასად 7 500 000 მანეთს“.წითლანაძე გ. „წყალტუბო“, საქმედგამი. თბილისი, 1939წ., გვ.9დიმიტრი ნაზარიშვილის გეგმას განხორციელება არ ეწერა, ისევე, როგორც   წყაროების იჯარით უცხოურ ფირმაზე გასხვისების წამოწყებას.
რაც შეეხება კურორტის საბინაო ფონდს, 1915 წელს გიორგი და ონისიმე იოსელიანებს   კეთილმოწყობილი სასტუმრო „ბელგია“ აუგიათ. სულ, ამ პერიოდში,  წყალტუბოში ხუთი საბინაო სახლი იყო. კურორტზე არ იყო ბაზარი, არც  „ლაზათიანი რესტორანი, ან სასადილო“, თუმცა, მრავლად იყო სამიკიტნოები.
1919 წელს გადაწყდა, წყალტუბოს მადნეული წყლები გადაეცათ ქუთაისის სამაზრო ერობის გამგეობისთვის. „საქართველოს რესპუბლიკა“, 01.03.1919, გვ.2

წყალტუბო  გასაბჭოების შემდეგ
1923 წელს, 3 თებერვლის, დეკრეტით, ს. წყალტუბო გადაეცა საქართველოს საკურორტო სამმართველოს. ამ პერიოდში გრძელდება დაკვირვებები წყალზე. წესდება საექიმო მეთვალყურეობა, რომლის თანახმად,  ყოველი ავადმყოფი წინასწარ ისინჯებოდა ექიმის მიერ და მხოლოდ ამის შემდეგ იღებდა აბაზანებს. რეკონსტრუქცია  ჩაუტარდა არსებულ აბანოებს, აშენდება ახალი. 1926 წ. დასრულდა  წყალტუბო-ქუთაისის 12 კილომეტრიანი გზის მოწყობა.  1927 წელს ამოქმედდა მეტეო სადგური, დაიდგა პატარა ელსადგური, რომელიც 1930 წელს შეიცვალა მძლავრი „აბჰესით“. ამ პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობს წყაროების მინერალური შემადგენლობის შესწავლა (ა. სილინ-ბეკჩურინი, დ. ჯავახიშვილი, ს.ჩიხელიძე, მ.ფაღავა, ე. კარსტენსი, შ.შარაშიძე, ბ.ნიკოლსკი...). 1928 წელს, ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი ბიკელი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ საჭიროა წყალტუბო ჩაითვალოს ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებულთათვის პირველხარისხოვან  კურორტად. 1927წ. შეიქმნა წყალტუბოს საკურორტო სამმართველო. ამ პერიოდში გამოიცა არა ერთი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი.
1927 წელს დაიწყო სამელიორაციო სამუშაოები, ხეების დარგვა,   მოეწყო პარკი, კურორტის შიდა გზები.  1929 წელს  ადგილობრივმა კოოპერაციამ ააშენა საკმაოდ დიდი სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების ობიექტები.  1930-1931 წწ. აშენდა: პოლიკლინიკა, ესტრადა, პავილიონი. ამავე პერიოდში იწყება კურორტის ზონაში მობინადრე ადგილობრივი მოსახლეობის განსახლება.
1926 წლის  საქართველოს კურორტების ცნობარის თანახმად „წყალტუბოზე ბინების სივიწროვეა; თუმცა, არის რამდენიმე სასტუმრო, მაგრამ ეს არ ჰყოფნის. საკურორტო სამმართველოს აქვს 100-მდე ოთახი, საქართველოს დამზღვევმა სალარომ ააშენა 1926 წლის სეზონისთვის მშვენიერი შენობა 50 ოთახით, მხოლოდ დაზღვეულთათვის, სოფლის მცხოვრებნიც აქირავებენ თავიანთ ოთახებს, მაგრამ ძლიერ ძვირად“.„საქართველოს კურორტების ცნობარი“, საქ, კურორტთა მთ.სამ.გამოცემა. 1926წ., გვ.27
წყალტუბოს განვითარების ტემპი 1930-იანი წლებიდან ჩქარდება, რასაც 1954 წლამდე გამოცემულ წიგნებში, წყალტუბოში, 1931 წელს ი. სტალინის  ვიზიტს უკავშირებენ. 1931 წელის 31 ოქტომბერს ცენტრალური კომიტეტის მიერ მიღებული იქნა დადგენილება საქართველოს კურორტების - წყალტუბოს, ბორჯომისა და აბასთუმანის  შემდგომი განვითარების   შესახებ.
1932 წელს, წყალტუბოში ჩატარდა „კომპლექსური მიზნობრივი სამეცნიერო ხასიათის სამუშაოები, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ ცენტრალური (მოსკოვის), კავკასიის მინერალური წყლების „პიატეგორსკის“ და საქართველოს კურორტოლოგიის  ინსტიტუტები, აგრეთვე, სანიტარიისა და ჰიგიენის, ბაქტერიოლოგიური და ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტები... ამ პერიოდში  ჩატარდა  დიდი გამოკვლევები“.შავიანიძე ო. „კურორტი წყალტუბო“. „საბჭოთა საქართველო“. 1973წ. გვ.171934 წელს, წყალტუბოში შეიქმნა მუდმივი ჰიდროლოგიური სამსახური (უფროსი დიმიტრი ჯავახიშვილი), რომელიც 1940 წლიდან გარდაიქმნა ჰიდროლოგიურ სადგურად, რომლის მეშვეობით ხორციელდებოდა მუდმივი დაკვირვება  მინერალური წყლის  რეჟიმზე და ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე. 1939 წელს განისაზღვრა წყალტუბოს წყლების დებეტი (20-25 მლნ. ლიტრი დღე-ღამეში). სამამულო ომის პერიოდში, სანატორიუმები ევაკოჰოსპიტალებად გადაკეთდა.
1932 წელს შედგენილ იქნა წყალტუბოს პერსპექტიული გეგმა, კურორტის გენერალური დაგეგმვის ხარჯთაღრიცხვა. მომდევნო პერიოდში, აკად. ნიკოლოზ სევეროვის ხელმძღვანელობით დამუშავდა დაგეგმარების დეტალური გეგმა, რომელიც ინჟინერ პეტრე მამრაძის შედგენილ ჰიდროტექნიკურ საფუძველს ემყარებოდა. მოგვიანებით, წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმა დაზუსტდა ტატიანა ბეიერისა და სტეფანე სატუნცის მონაწილეობით. „გენერალური გეგმით გათვალისწინებული  იყო წყალტუბოში ერთდროულად 10 000 ავადმყოფის მკურნალობა (15 დღიანი საკურსო მკურნალობით), 20 000 სააბაზანო პროცედურით დღეში,  240 ათასი ავადმყოფის წლიური გამტარობით.  წყალტუბოს მცხოვრებთა სავარაუდო ციფრი, ავადმყოფების  ჩათვლით, 28 500 იყო მიღებული“.შავიანიძე ო. „კურორტი წყალტუბო“. „საბჭოთა საქართველო“. 1973წ. გვ.181935 წელს ექსპლუატაციაში შევიდა  ბროწეულა-წყალტუბოს  რკინიგზის შტო.
1936 წელს განმეორებით შედგა კურორტის დაგეგმარების ახალი  სქემა.  1939 წელს, წყალტუბოს რაიონი გამოეყო ქუთაისის რაიონს ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად, ცენტრით წყალტუბოში, რამაც გენგეგმის კორექტირების საჭიროება შექმნა. აღნიშნული სამუშაო შესრულდა სევეროვის ხელმძღვანელობით.
1930-იან წლებში შექმნილი ქალაქმშენებლობითი დოკუმენტები  მიზნად ისახავდა მსხვილმასშტაბიანი, საკავშირო კურორტის შექმნას: კურორტი იყოფოდა ზონებად, ძირითად ბირთვს წარმოადგენდა ბალნეოლოგიური ნაწილი „სარტყელი I“ - 22 ჰექტარი, აქ მოთავსებული იყო მინერალური წყაროები და სააბაზანოები.  მას მოჰყვებოდა „სარტყელი  II“ - 500 ჰექტარის ფართობით, უახლოესი  გორაკები, სადაც უნდა განთავსებულიყო სანატორიუმები. სამხრეთ-დასავლეთით გათვალისწინებული იყო რკ. სადგურის მშენებლობა. სანატორიუმების ზონასა და სადგურს  შორის დაპროექტებული იყო  45 ჰა-ს ფართობის ადმინისტრაციული რაიონი, შემდეგ მოდიოდა   კურორტზე დასაქმებულთა საცხოვრებელი, სამრეწველო,  საავადმყოფო და სხვა ზონები. გენგეგმაში დიდ ადგილი ჰქონდა დათმობილი პარკებისა და მწვანე ნარგავების გაშენებას. იდენტიფიცირებული იყო სანატორიუმების და სხვა დაწესებულებების  ასაგები ადგილები და ტიპები.  (ილ.  2)
2
პირველ გენერალურ გეგმაში, განსაკუთრებული  ყურადღება ეთმობოდა ჰიდრო-ინჟინერ პეტრე მამრაძის მიერ დამუშავებულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობას, რომლის მიხედვით, მდ. წყალტუბოს სათავესთან მოეწყო დამბა  და შეიქმნა ხელოვნური ტბა ე.წ. „ცივი ტბა“, მისი ფართობი 4.5 ჰექტარია. თავად მდინარე  მოთავსდა ტბიდან გამომავალ ორი ბეტონის არხში, რომლებიც  გარს უვლიან ბალნეოლოგიურ ზონას  და ერთდებიან  ე.წ. „სამკაპთან“. მდინარის არსებული კალაპოტი კი მიწით შეივსო.
1950 წელს მოხდა წყალტუბოს ხელახალი ტოპოგრაფიული აგეგმვა. 1951 წელს შედგა წყალტუბოს გენერალური დაგეგმარების პროექტი (იოსებ ზაალიშვილი,  ვალერიან კედია). ამ გეგმითაც წყალტუბომ შეინარჩუნა რადიალური გეგმარება. ნიკოლოზ სევეროვის გეგმის მსგავსად, ისიც 10 000  დაავადებულზე იყო გათვლილი (20 დღიანი საკურსო მკურნალობით). ძირითადი მაცხოვრებლების რიცხვი განისაზღვრა 20 000 -ით.
გენერალური სქემით კურორტი გაყოფილი იყო 4 ზონა-სარტყლად:

1.    ბალნეოლოგიური - სააბაზანოებისათვის და ცენტრალური პარკისთვის. ეს ზონა 22ჰა. - აქ გათვალისწინებული იყო 10 სააბაზანოს  მშენებლობა. კურორტის ცენტრალური  პარკის გაშენება,  აგრეთვე, პარკის გაშენება ტბასთან, რომელიც უნდა გაფართოებულიყო და კეთილმოწყობილიყო. დაგეგმილი იქნა სასეირნო სანაპირო ზოლის მოწყობა და საწყლო სპორტისა  ფიზკულტურული ღონისძიებებისთვის საჭირო ნაგებობების აგება;  ბალნეოლოგიურ ზონაში გათვალისწინებული იყო საკურორტო მუზეუმის აგება.
2.    სანატორიული ზონა 500ჰა. - სანატორიუმებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებისთვის. ეს  ზონა ამფითეატრად მდებარეობს პირველის ირგვლივ. სანატორიუმები იყოფა ორ ზონად:  პირველი სამშენებლო ზონა უშუალოდ გარს უვლის  ბალნეოლოგიურ ზონას. ამ ქვეზონაში დაგეგმილი იყო სამსართულიანი  ობიექტების აგება,  მეორე სამშენებლო  ქვეზონაში კი, რომელიც თავსდება პირველის ირგვლივ, - ოთხსართულიანის. ამავე ქვეზონაში გათვალისწინებული იყო საკურორტო სამმართველოს, უნივერმაღებისა და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების განთავსება.   კურორტზე   უნდა აშენებულიყო 51 სანატორიუმი: 100 საწოლიანი -15; 150 საწოლიანი - 26,    200 საწოლიანი - 8,  250 საწოლიანი - 2;
3.    სამოსახლო ზონა - ეს ზონა მოიცავდა არსებულ მცირე პარკს და ქალაქის ტერიტორიას, კურორტზე დასაქმებულთა საცხოვრებელი რაიონით. აქ გათვალისწინებული იყო  ინდივიდუალური მშენებლობა და საცხოვრებელი სახლების  მშენებლობა კურორტის  მუშა-მოსამსახურეთათვის.
4.    ტყე-პარკებისთვის გამოყოფილი ზონა - დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი პარკებსა და მწვანე ნარგავებს, რაც კურორტის მეოთხე ზონას  ქმნიდა. 1958 წლისთვის უკვე დარგული იყო  500 000 მარადმწვანე, ფოთლოვანი და სუბტროპიკული ხე. ეს ზონა გარს ერტყმოდა სანატორიულ-ბალნეოლოგიურ და სხვა ზონებს და წარმოადგენდა არა განცალკევებულ ტერიტორიას,  არამედ, სხვადასხვა ზონის გამაერთიანებელ მწვანე მასივს.
5.    მეხუთე ზონა წარმოადგენდა სამეურნეო  მშენებლობისა და ადგილობრივი მრეწველობის რაიონს.
იგეგმებოდა: საავადმყოფოების,  საკურორტო პოლიკლინიკის, ფიზიოთერაპიის ინსტიტუტის, აფთიაქების, სასწრაფო დახმარების და სხვ. სამედიცინო დაწესებულებების აგება

გენგეგმა ითვალისწინებდა, ასევე, სპორტულ ნაგებობათა ქსელის შექმნას, რომელიც მომსახურებას გაუწევდა  კურორტის სტუმრებს, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას. ქსელი შედგებოდა: დილის სავარჯიშო, მოძრავ თამაშობათა, ჩოგბურთის მოედნებისაგან, აეროსოლარიუმისგან, დოზირებული სვლის ბილიკებისაგან და სხვ.  კურორტის ჩრ. ნაწილში, გაშლილ ტერიტორიაზე იგეგმებოდა კურორტის ცენტრალური ფიზკულტურული ბაზის მოწყობა: საწყლო სპორტის სადგური მხატვრული პავილიონით, სანავეთი, სახტომი კოშკით და სხვ. ასევე, დაიგეგმა კინოების, თეატრების, ესტრადის მშენებლობა.ინფორმაცია აღებულია  გ. წითლანაძის ნაშრომიდან „კურორტი წყალტუბო“ საქმედგამი. თბილისი, 1958, გვ. 78-80მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, წყალტუბო დაიგეგმა და გაშენდა  ზემოთ ხსენებული გეგმის მიხედვით, თუმცა, სანატორიუმების რაოდენობამ დაგეგმილს ვერ მიაღწია.
1953 წელს, 26 ნოემბერს, დაბა წყალტუბოს მიენიჭა ქალაქის სტატუსი.

წყალტუბოს სანატორიუმები
საბჭოთა პერიოდში, წყალტუბოს კეთილმოწყობა და სანატორიუმების მშენებლობა 1920-იანი წლებიდან  იწყება და საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო ეტაპამდე გრძელდება. წყალტუბოს, მინერალური წყლების სამკურნალო  თვისებებმა დიდი პოპულარობა მოუპოვა, რაც  ვიზიტორთა ნაკადების ზრდაზე აისახა. მიმდინარეობს ახალი სანატორიუმების მშენებლობა, ძველის რეკონსტრუქცია, ახალი ფლიგელების დამატება, შედარებით მცირე ზომის, ჯერ კიდევ 1930-იან წლებამდე აგებული სანატორიუმების ჩანაცვლება ახალი დიდი მოცულობის ობიექტებით (სანატორიუმი „ბელგია“,  „სამგურალი“, „რიონი“).  
წყალტუბოში, საბჭოთა პერიოდში, 21 სანატორიუმი და 9 სააბაზანო აიგო, მათი არქიტექტურა  ზუსტად ასახავს  საბჭოთა კავშირში, შესაბამისად, საქართველოშიც,  კონკრეტულ პერიოდში გავრცელებულ არქიტექტურულ სტილს.  ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილავთ წყალტუბოში, საბჭოთა პერიოდში აგებულ  რამდენიმე სანატორიუმს.
კონსტრუქტივიზმი
XIX-XX საუკუნეების მიჯნა თამამად შეიძლება ითქვას, რომ გარდამტეხი აღმოჩნდა მსოფლიოსთვის, თითქმის ყველა მიმართულებით დაფიქსირებულმა რადიკალურმა ცვლილებებმა სრულიად განსხვავებული რეალობა შექმნა, ამან კი დიდი გავლენა მოახდინა ხელოვნებაზე და, მათ შორის, არქიტექტურაზე. ავანგარდული ხელოვნება შედეგი იყო თანამედროვე ხმაურიანი, პრაქტიკული, დინამიკური, მექანიზებული ცხოვრებისა. გააქტიურებული ურბანიზაციის პირობებში გაიზარდა მოთხოვნა იაფ, მარტივ და სწრაფ მშენებლობაზე. ამ მოთხოვნების შესაბამისად იბადება ახალი არქიტექტურა, რომელიც საწყისად იღებს სუფთა, ბაზისურ ფორმებს და ცდილობს მათ ადაპტირებას  რეალიზმის იდეალური და რაციონალური კონცეფციის გამოსახატად. ის პრაქტიკულად უარს ამბობს ყველანაირ დეკორზე და სუფთა გეომეტრიული ფორმების კომბინაციით ცდილობს „ააწყოს“ ფუნქციურად გააზრებული, ზედმეტი დეტალებისგან გათავისუფლებული არქიტექტურა.  ავანგარდულმა სტილმა  დიდწილად, განსაზღვრა XX საუკუნის არქიტექტურული ტენდენციები.
საქართველოში,  კონსტრუქტივიზმამდე, ასევე, სტილის გავრცელების პერიოდში, მნიშვნელოვანი იყო ქართული ხუროთმოძღვრული ტრადიციების ათვისება და  გამოყენება. ამიტომ, ხშირია  ავანგარდული სტილის ნაციონალური ხუროთმოძღვრების მახასიათებლებით „გაზავება“. წყალტუბოში კონსტრუქტივიზმის რამდენიმე საინტერესო ნიმუშია. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი   სტილის აკრძალვის (1932 წლის) შემდეგ არის აგებული. სტილის ხელოვნური და ფორსირებული ცვლილება  მარტივი არ ყოფილა, ეს  პროცესი მთელს 1930-იან წლებს გასდევს  და სხვადასხვა სახითა და ფორმით ვლინდება წყალტუბოს ამ პერიოდში აგებულ ობიექტებში.
დასახელება    თარიღი    არქიტექტორი    რეკონსტრუქცია
შენიშვნა
სანატ. წყალტუბო    1936    მ. ბუზოღლი(მამა)     ლ.გიორგაძე
1967-1971    
მეგობრობა    1937-1939
ს.ლენტოვსკი    მიხეილ კალაშნიკოვი
1951-54    
სანატორიუმი N1/
(ე.წ.ფილიალი)    1939    ი. კოლჩინი        
სანატორიუმი N1 , 1956 წლიდან სანატორიუმი   "მეგობრობა". შოთა რუსთაველის ქ.  47  
სანატორიუმი  „მეგობრობა“ (არქიტექტორი ს.მ. ლენტოვსკი. 1939-1940 წწ.) სანატორიუმის კუთვნილ 104176m2 ტერიტორიაზე ოთხი, მსგავსი გეგმარების და  არქიტექტურული სახის მქონე ობიექტია განთავსებული. ეს ოთხი, სამსართულიანი კორპუსი ორ ჯგუფად იყოფა - ერთმანეთის უკან, სხვადასხვა ნიშნულზე, დაახლოებით 120 მეტრის ინტერვალით განთავსებული შენობები გრძელი, დამაკავშირებელი ფლიგელებით არიან გადაბმული.  ისინი ერთობლიობაში ქმნიან კურდონერს, რომლითაც იხსნებიან სანატორიუმის ეზოში.  აღნიშნული კომპოზიცია მეორდება ეზოს მეორე კიდეში. ობიექტების ასეთი განთავსებით იქმნება ორი მხრიდან შენობებით მოზღუდული, თითქოს „კვადრატულ ფრჩხილებში“ ჩასმული ვრცელი ეზო.  ფასადების გადაწყვეტა კონსტრუქტივისტულია : გეომეტრიული, ლაკონიური, მკაფიო, „შიშველი“ ფორმები,  თუმცა, ფორმების სიშიშვლე, ისე, როგორც ქართული კონსტრუქტივიზმის არაერთ ობიექტში, სრულად არ არის დაცული. არქიტექტორი ძუნწად, მაგრამ მაინც იყენებს დეკორატიულ ელემენტებს. (ილ. 4, 5)
45
საბჭოთა კავშირში, მათ შორის საქართველოში, კონსტრუქტივიზმის აკრძალვისა და არქიტექტურული სტილის ცვლილების შემდეგ არაერთმა ამ სტილის ობიექტმა იცვალა იერი და „დამშვენდა“  „სოციალისტური კლასიციზმისთვის“  მეტად შესაფერისი   არქიტექტურით.   1951-1954 წლებში, მიხეილ კალაშნიკოვის პროექტით განხორციელდა სანატორიუმის რეკონსტრუქცია. ძირითადი ცვლილება შეეხო ფასადებს: მინიმალური დეკორით გაფორმებული აივნები ჩანაცვლდა შეწყვილებულ სვეტებიანი და ბალიასინებიანი აივნებით. სვეტები პირველ სართულზე დორიული, მეორეზე იონურია, მესამე სართულზე კი  ის ქართული დედაბოძის თემასთან ავლენს სიახლოვეს.  ცენტრალური შესასვლელების  პორტიკებს დაემატა ქართული ორნამენტით შემკობილი ბალუსტრადა, დეკორატიული თავსართები.  რიზალიტი აქცენტირდა ფრონტონით,  ბრტყელი გადახურვა  შეიცვალა ქანობიანით.    ამავე პერიოდში, კორპუსების  დამაკავშირებელ გადასასვლელების შუა მონაკვეთებში გაჩნდა ახალი პომპეზური, გიგანტური  სვეტებით გაფორმებული, კლასიცისტური იერის მქონე ფლიგელები.
ამ ეტაპზე სავალალო მდგომარეობაში მყოფი სანატორიუმი "მეგობრობა", ღირებული და მნიშვნელოვანი ობიექტია არა მხოლოდ მისი არქიტექტურული მახასიათებლების გამო, სტილის ცვლილებამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოიწვია საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე  კონსტრუქტივისტული  ობიექტების „სოციალისტური“ ფასადით „დამშვენება“. სანატორიუმი „მეგობრობა“ არქიტექტურაზე პოლიტიკის ზეგავლენის „ცოცხალი მაგალითია“.  სსრკ-ში ხომ სტილის ცვლილება, მხოლოდ გემოვნებისა და ესთეტიკის საკითხი არ ყოფილა, მას, უპირველეს ყოვლისა,  პოლიტიკურ-იდეოლოგიური დღის წესრიგი განაპირობებდა. სანატორიუმი „მეგობრობა“ ყველაზე  კარგად ჰყვება  ეპოქის და სახელმწიფოს  შესახებ, სადაც რეპრესირებულები იყვნენ არა მხოლოდ ადამიანები, არამედ, არქიტექტურული სტილებიც.
საქართველოს  სსრ ჯანდაცვის სამინისტროს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის  სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის  წყალტუბოს ფილიალი, ილია ჭავჭავაძის ქ. 1
თავდაპირველად, საქ. ჯანდაცვის სამინისტროს  მთავარი საკურორტო სამმართველოს  კლინიკური სანატორიუმის, 1950 წლიდან კი - საქ. სსრ ჯანდაცვის სამინისტროს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის  სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის  წყალტუბოს ფილიალის შენობა 1939 წელს არის აგებული არქიტექტორ ივან კოლჩინის პროექტით.  (ილ. 8)
8
სამსართულიანი შენობა სანატორიუმის  კუთვნილი ეზოს ცენტრშია განთავსებული,  მას   П გეგმარება აქვს და სულხან საბას ქუჩისკენ იხსნება კურდონერით. დასავლეთის მკლავი გადასასვლელით უკავშირდება სასადილოს ერთსართულიანი  მოცულობას. ფასადების გარეგნულ იერს დიდწილად განაპირობებს განსხვავებული სიმაღლის და სხვადასხვა სიბრტყეზე განთავსებული მოცულობების თამაში, ვერტიკალური და ჰორიზონტალური მიმართულებების მონაცვლეობით შექმნილი  დინამიკა.  ობიექტი  ზომიერად არის  გაფორმებული დეკორატიული ელემენტებით: რუსტებით, პილასტრებით, ორდერით, კარნიზებით,   თუმცა,  აშკარად შეინიშნება კონსტრუქტივიზმისთვის სახასიათო გეომეტრიულობა. აღნიშნული მახასიათებლები ობიექტს მიაკუთვნებს არქიტექტურულ სტილს - კონსტრუქტივიზმს ან პოსტკონსტრუქტივიზმს (სტილის ზუსტი იდენტიფიკაციისათვის საჭიროა უფრო საფუძვლიანი კვლევა).
სანატორიუმი „წყალტუბო“, შოთა რუსთაველის ქუჩა #49
სანატორიუმი „წყალტუბო“ რამდენიმე, სხვადასხვა პერიოდში და განსხვავებულ  სტილში აგებული კორპუსისაგან შედგება: პირველი, გზისპირა კორპუსი, 1936 წელს აიგო  არქიტექტორ მიხეილ  ბუზოღლის პროექტით. 1967 და 1971 წლებში სანატორიუმს დაემატა ლ. გიორგაძის  მიერ დაპროექტებული მეორე და მესამე კორპუსები.
თავდაპირველად, შენობა L მოხაზულობისა იყო და ორი ნაწილისგან შედგებოდა: სამსართულიანი  ძირითადი კორპუსი და  ცენტრალური შესასვლელის მარცხნივ არსებული ერთსართულიანი სასადილო/რესტორანი. 1958 წელს ჩატარებული რეკონსტრუქციისას, სასადილოს დაემატა მეორე სართული, ამავე პერიოდში აშენდა ეზოში არსებული  სამკურნალო კორპუსი.
ამ კორპუსის ფასადების კომპოზიცია მსგავსია, შელესილი, შეღებილი  და მარტივი მართკუთხა სარკმლებით დანაწევრებულ განაპირა მონაკვეთებს შორის,  სამივე სართულზე  გადაჭიმულია შენობის ტანში ღრმად ჩასმული  აივნების უწყვეტი ზოლი.  პირველი და მეორე სართულის აივნები გაერთიანებულია დიდი ზომის, ყოველგვარ დეკორს მოკლებული წახნაგოვანი სვეტებით. მესამე სართულის აივნების მრგვალი სვეტები სადაა, ორდერისთვის დამახასიათებელი ელემენტების გარეშე.   ლესვაში გამოყვანილი რუსტებით, ფრონტონით, მის ქვეშ კი დეკორატიული სარტყლით გაფორმებული  თაღით არის აქცენტირებული შენობის კიდეში, სასადილოს მომიჯნავედ გადატანილი ცენტრალური შესასვლელის  შემაღლებული მონაკვეთი. აქ,  მეორე და მესამე სართულზე არსებული  აივნების წყვილი სვეტებიც მეტად არის დამუშავებული. მთლიანობაში,  სანატორიუმის ეს კორპუსი  კონსტრუქტივიზმის მახასიათებლებს შეიცავს. ამავდროულად, უკვე ჩნდება დეკორატიული ელემენტები, მათ მეტად ეროვნული ელფერი რომ ჰქონდეთ,  ობიექტს, ცალსახად, ქართულ კონსტრუქტივიზმს მივაკუთვნებდით, რადგან, ჩვენში ხომ ეს  ჩვეული  ხერხია და ამის მაგალითი ხშირია, მათ შორის, მიხეილ ბუზოღლის შემოქმედებაშიც (მაგ.თბილისი. კინოსტუდია "ქართული ფილმი").  სანატორიუმ "წყალტუბოში" გამოყენებული დეკორი კლასიკური არქიტექტურიდან არის ნასესხები.  ეს კი,  1932 წელიდან დეკლარირებული ახალი კურსით უნდა იყოს გამოწვეული.
1967 და 1971 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა სანატორიუმის მეორე და მესამე კორპუსი (არქ. ლ. გიორგაძის). ეს სამსართულიანი კორპუსები ეზოს სიღრმეშია განთავსებული. მეორე კორპუსი პოლიკლინიკისგან დასავლეთით,  მისგან, დაახლოებით, ხუთ მეტრში დგას და მას მრუდხაზოვანი გადასასვლელით უკავშირდება. მესამე კორპუსი, ეზოში, კიდევ უფრო ღრმად არის შეწეული.  მეორე და მესამე კორპუსი ერთმანეთს ხიდით უკავშირდება. ხიდებით და გადასასვლელებით დაკავშირებული ეს ორი კორპუსი გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის მაგალითია. ზოგადად, წყალტუბოს სანატორიუმებისთვის სახასიათოა რთული გეგმარება  და  რამდენიმე,  გადასასვლელებით დაკავშირებული, ფლიგელით შექმნილი კომპოზიცია.  ეს გამოწვეულია ფუნქციური სეგმენტაციით, რთული რელიეფით,  კურორტის პოპულარობის ზრდასთან ერთად, თავად სანატორიუმების მოცულობების გაზრდითა და ახალი მოცულობებისა და კორპუსების  დამატებით, რასაც ვხედავთ კიდეც სანატორიუმ „წყალტუბოში“. სანატორიუმი  ადრეული და გვიანი მოდერნიზმის  საინტერესო სინთეზს წარმოადგენს, რადგან იგი, პრაქტიკულად, თავის თავში  აერთიანებს   ერთი  არქიტექტურული მიმდინარეობის  ორ, შუაში ხელოვნურად გაწყვეტილ,  ეტაპს.
„სოციალისტური კლასიციზმი“
1932    წელს სასტიკი ბრძოლა გამოცხადდა კონსტრუქტივიზმის წინააღმდეგ, მას „არასწორად გაგებული მომჭირნეობის“ კულტივირება, უემოციობა, იდეოლოგიური გაუმართლებლობა, სიშიშვლე დააბრალეს. არჩევანი ისევ ძველზე, ნაცნობზე  გააკეთეს და მანამდე დაგმობილი კლასიკური არქიტექტურა კვლავ  სცენაზე გამოვიდა.   1930-იანი წლების დასაწყისიდან, არქიტექტორებს დაევალათ კლასიკური მემკვიდრეობის ათვისება, პრიორიტეტი ენიჭებოდა არა რომელიმე ერთ კონკრეტულ სტილს, არამედ, სტილთა „იდეალურ“ ნაზავს, რომელიც იქნებოდა ვიზუალურად ნაცნობი, მაგრამ შინაარსობრივად ახალი. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პერიოდის ცვლილება, ფუნქციონალურ-კონსტრუქციული პრობლემებიდან ყურადღების არქიტექტურის იდეურ-სიმბოლურ დატვირთვაზე გადატანა იყო . მნიშვნელოვანი გახდა ის, თუ რა უნდა გადმოეცა, რაზე უნდა ელაპარაკა საბჭოთა არქიტექტურას: მას უნდა ესაუბრა პროლეტარიატის ლამაზ, მშვენიერ ცხოვრებაზე.
იყო კი ცხოვრება მშვენიერი ? - არა. შესაბამისად, როგორც ვიცით, განისაზღვრა კონკრეტული მიზანი : არსებული რეალობის გამოგონილით ჩანაცვლება. ამ მიზნის მიღწევაში, ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია კულტურას დაეკისრა.
როგორი უნდა ყოფილიყო საბჭოთა არქიტექტურა? - უპირველეს ყოვლისა „ლამაზი“, პომპეზური, მონუმენტური, „მდიდრული“, „ხალისიანი, მოკლედ კი  „ბურჟუაზიული სასახლეების მსგავსი“. პრიორიტეტი ენიჭებოდა კლასიკურ არქიტექტურას, თუმცა, გაზავებულს ნაციონალური ელემენტებით, ელფერით.
დასახელება    თარიღი    არქიტექტორი
5        სანატორიუმი N2/ „წყალტუბო“    1940    ნ.სევეროვი
6        თავდაცვის სამინისტროს სანატორიუმი „ოაზისი“    1947-1957    ა. ინწკირველი,
ვ.ჩანტლაძე,
ვ.ნასარიძე
7        რკინიგზელი    1948-1954    ვ. ვექილოვა
ნ.პოჩეპცოვა
ნ.შჩერბუევა.
8        თბილისი    1950    ვ. ოლტარჟევსკი
ბ.სობოლევსკი
9        იმერეთი    1950-1961    ლ. ჯანელიძე
ვ. ალექსი-მესხიშვილი
10        მეშახტე    1952    გ. ხიმშიაშვილი, მელეგი
11        მეტალურგი    1957    ვ. კედია
12        ივერია    1962    მ. მ. ბუზოღლი
13        მედეა    1962    ა. ინწკირველი,
თ. ფოცხიშვილი
14        სინათლე    1963    ვ. კედია

15        გელათი    1964    ნ. პოლიუდოვი
ა.აბრამოვი
16        გეოლოგი     1966-1977    ვ. კედია
ლ.სტეპანოვა
17        სასტ.წყალტუბო/
ინტურისტი     1968 - 1976    ლ.ლორთქფანიძე
18        აია    1970-1985    ფ.ქუფარაშვლი,
რ.კახაშვილი,
ც.ქუფარაშვილი,
მ.ჩუტკერიშვილი
19        საქართველო    1974-1983    მ.ჩხენკელი,
რ. ჯანაშია
20        სავანე     1947-1975    ა. ინწკირველი,
თ. ფოცხიშვილი
21        სამგურალი    1977-1987    მ. ლიპარტელიანი

სანატორიუმი „რკინიგზელი“,  შოთა რუსთაველი , N 51  
სანატორიუმი „რკინიგზელი“, 1948 -1954 წლებში აიგო არქიტექტორების: ვ.ვეკილოვა, ნ.პოჩეპცოვა, ნ.შჩერბუევა პროექტის მიხედვით. მძლავრად  წაგრძელებული, მრუდი კონტურის,  5 სართულიანი,  მონუმენტური, პომპეზური შენობა პარკის სიახლოვეს, სანატორიუმების პირველ ზოლში, შემაღლებულ ბაქანზეა განთავსებული. ის კარგად იკითხება კურორტის თითქმის ყველა წერტილიდან. ობიექტის მთავარ  ფასადზე მკაფიოდ იკითხება  „სოციალისტური კლასიციზმის“ სახასიათო გადაწყვეტები. ორი, განაპირა რიზალიტი აქცენტირებულია  გიგანტური მრგვალი, კორინთული სვეტებიანი პორტიკით. მათ შორის არსებული გრძელი მონაკვეთი,  შენობის ტანში ღრმად ჩასმული  აივნებით  არის დაცხრილული.   რუხი ქვის რუსტებით არის დაფარული ქუჩიდან სანატორიუმის ბაქნამდე მოსასვლელი კიბე და თავად შენობის ცოკოლი, პირველი სართული. რუხ რუსტებს, ზედა სართულებზე, გლუვი მოყვითალო ფერის ქვა ცვლის, სადაც კედლის სიბრტყე მეტწილად  არქიტრავული ღიობებით არის დანაწევრებული, გამონაკლისი მხოლოდ ბოლო, მეხუთე სართულის თაღოვანი ღიობებია. (ილ. 6)
6
შენობის მარჯვენა, განაპირა ნაწილი მაღალი კოშკითაა აქცენტირებული. სანატორიუმამდე მოსასვლელი ცენტრალური კიბე შენობის ამ მონაკვეთს ემთხევეა, ამიტომაც, ის მეტად არის აქცენტირებული.   შენობის ძირითად ფლიგელს, მარჯვენა მხრიდან,  დამატებული აქვს იმავე სტილში გადაწყვეტილი სამსართულიანი მოცულობა, რომელიც შიგნით არის შეწეული, ისე რომ, მან არ დაფაროს აქ განთავსებული კოშკის ტანი.  სანატორიუმის ეზოში გამავალი ფასადი ძუნწად არის დამუშავებული.   
„რკინიგზელი“, მისი წაგრძელებული მორკალული მოხაზულობით, ფასადების მონუმენტური, კლასიცისტური იერით აშკარა მსგავსებას ავლენს  თბილისში, ო.დგებუაძის ქ. 1 არსებულ, ე.წ. რკინიგზელთა საცხოვრებელ სახლთან (არქ. ნიკოლოზ ლაპიაშვილი  1955-1961წ. ).
სანატორიუმი „გელათი“ / ნიკოლოზ  ბარათაშვილის ქ. N8
სანატორიუმი „გელათი“ ექსპლუატაციაში შევიდა 1964 წელს, როგორც ქუჩის მეორე მხარეს არსებული სანატორიუმის „მეტალურგი“ მეორე კორპუსი, 1967 წელს  კი კორპუსი ცალკე სანატორიუმად გამოიყო და  მას ეწოდა სანატორიუმი  „გელათი“ (არქიტექტორები: ნ. პოლიუდოვი და პ. აბრამოვი). (ილ. 1)
1
"შინაარსით სოციალისტური, ფორმით ნაციონალური" საბჭოთა არქიტექტურის მოთხოვნების შესაბამისად, 1970-იან წლამდე წყალტუბოში აგებულ  სანატორიუმებში, მეტ-ნაკლებად გამოყენებულია ქართული ხუროთმოძღვრებიდან, ძირითადად, შუასაუკუნეების ქართული საკულტო არქიტექტურიდან ნასესხები თემები და მოტივები. კურორტზე არსებულ სანატორიუმებს შორის,  "გელათის" გადაწყვეტაში ყველაზე მეტად იკითხება ნაციონალური თემატიკა.
წაგრძელებული მართკუთხედის ფორმის, ჩაკეტილი გეგმარების მქონე ობიექტს,  გრძელი ფლიგელების ცენტრალური ნაწილში, დამატებული აქვს კიდევ ერთი,  შენობის ძირითადი მასიდან ამოზიდული, ფრონტონით დასრულებული ფლიგელი, რომელიც კვეთს შიდა ეზოს და ერთმანეთთან აკავშირებს შენობის ორ გრძივ ფლიგელს, შესაბამისად, წარმოქმნის  ორი დამოუკიდებელ ეზოს. ფასადების გაფორმებაში წამყვანი თაღედების და თაღოვანი სარკმლების თემაა. განსაკუთრებით სახასიათოა სამხრეთ და აღმოსავლეთ ფასადების მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტაც - ორივე ფასადს გარს შემოუყვება გიგანტური, სამი სართულის გამაერთიანებელი, ლილვებით გაფორმებულ  თაღედი. თაღების მომრგვალებულ ფორმას ზუსტად იმეორებს ქართული ნაციონალურ მოტივებზე შექმნილი დეკორით გაფორმებული ლავგარდანი.
მთავარი ფასადის  ცენტრალური ნაწილი  შემაღლებული,  ფრონტონით დასრულებული, უფრო მაღალი და განიერი თაღითაა   გახსნილი. აქ მოწყობილია ცენტრალური შესასვლელი.  ამ ხაზზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მდებარეობს გრძივი ფლიგელების დამაკავშირებელი მკლავი.  ფრონტონებით დასრულებული, ამ ამოზიდული მოცულობის სივრცით-არქიტექტურული გადაწყვეტაც  ქართული საკულტო არქიტექტურიდან არის ნასესხები, ისევე, როგორც ექსტერიერშიც და ინტერიერშიც არსებული არაერთი დეკორატიული ელემენტი. სამხრეთ და აღმოსავლეთ მკლავების შესაყარზე  კოშკური მოცულობაა  ჩასმული, რომელიც ეხმიანება სანატორიუმ „გელათის“ სიახლოვეს მდებარე სანატორიუმ „მეტალურგის“  კოშკს.
გამოირჩევა  ცენტრალური შესასვლელიდან მარჯვნივ არსებული ორდონიანი ეზოს გადაწყვეტაც, აქაც ღია გალერეაა,  თუმცა, მათი დეკორირებისას გამოყენებულია არა ნაციონალური, არამედ, კლასიკური არქიტექტურის მოტივები, კერძოდ კი,  კორინთული ორდერი, რის გამოც, ეს სივრცეს მეტად იტალიური პატიოს ასოციაციას ქმნის.
მიუხედავად იმისა, რომ ობიექტის მშენებლობა 1950-იანი წლების ბოლოსა და 1960-იანი წლების  დასაწყისში მიმდინარეობდა, ამ პერიოდში კი „სტალინური არქიტექტურა“ უკვე უარყოფილია, მაგრამ სანატორიუმი „გელათის“ ავტრები არ ღალატობენ მას და არჩევანს ისევ კლასიკური და ნაციონალური არქიტექტურის ნაზავზე აკეთებენ.  ნაციონალური მოტივი წამყვანი, შეიძლება ითქვას, გადაჭარბებულიც კი არის,  რაც გარკვეული ხელოვნურობისა და ზედაპირულობის შთაბეჭდილებას ქმნის. ზედაპირულობა და ელემენტთა შემთხვევითი კავშირები, სტალინური არქიტექტურის,  ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია, რაც  იდეოლოგიური კონტექსტით თუ სტრატეგიით  იყო ნაკარნახები.
სანატორიუმი „იმერეთი“. სულხან საბას  ქ.3
სანატორიუმი „იმერეთი“, არქიტექტორები: ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ლევან ჯანელიძი, კონსტრუქტორი დავით ქაჯაია. 1950-1961წ. სულხან-საბას ქუჩის ხაზიდან შეწეულ  და შემაღლებულ,  მუქი ფერის ქვის  რუსტებით მოპირკეთებული ბაქანზეა განთავსებული თეთრი მონუმენტური,  პომპეზური, კლასიკური იერის მქონე სანატორიუმის მთავარი კორპუსი. ის ორი, ერთმანეთთან გადასასვლელით დაკავშირებული ფლიგელისაგან  შედგება.  ცენტრალური კორპუსის  მკლავები კურდონერს წარმოქმნიან, რომლითაც  ის სანატორიუმის შიდა  ეზოში იხსნება.  მთავარი, ქუჩაზე  გამომავალი გრძელი ფასადი თეთრი ქვით არის მოპირკეთებული და თაღოვანი გალერეით, არქიტრავული და თაღოვანი ღიობებითაა დანაწევრებული.  ფასადის  კომპოზიცია სიმეტრიულია.  ერთფეროვნებისგან თავის დასაღწევად კედლის სიბრტყეებად „დატეხვის“ ხერხი, რომელსაც ხშირად ვხვდებით წყალტუბოს ობიექტებში, აქაც გამოყენებულია:  სანატორიუმის მთავარი ფასადი კიდეებიდან მოზღუდულია ძლიერად შვერილი რიზალიტებით,   ცენტრალური მონაკვეთი კი სიღრმეშია შეწეული და  ერთი სართულით  ამაღლებული. პირველი სართულზე სხვადასხვა სიბრტყედ „დატეხილ“ ფასადს აერთიანებს თაღოვანი გალერეა ბალუსტრადით.  (ილ. 9)
9
კლასიკური და ნაციონალური არქიტექტურიდან ნასესხები დეკორატიული ელემენტები, შენობის ძირითად ფასადზე  უხვად არის გამოყენებული - კარნიზზე, ღიობთა საპირეებზე, აივნის მოაჯირებზე. სანატორიუმის ფრონტალური, სიმეტრიული არქიტექტურული კომპოზიცია ჰორიზონტალური და ვერტიკალური მიმართულებების კონტრასტზეა აგებული: ჰორიზონტალი ხაზგასმულია გალერეით, აივნებით, ფენესტრაციით, ვერტიკალი - რიზალიტებით,  ცენტრალური შემაღლებული მონაკვეთით. ვერტიკალის და ჰორიზონტალის ბალანსი, სტალინურ არქიტექტურაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რომელსაც საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა. შენობა უნდა ყოფილიყო მიწაზე „მყარად მდგარი: „ჩვენ მხნედ ვდგავართ მიწაზე, მყარად ვდგავართ მიწაზე“ Мордвинов А.Г., Выступление на партийно-комсомольском собрании ССА 19 декабря 1934 года.Стенограмма// РГАЛИ. Ф.674. Оп.2. Ед.хр.8. Л.57.და, ამავდროულად, მსუბუქიც: „საერთო სიდიადის ფონზე გარკვეული სიმსუბუქის შთაბეჭდილება უნდა შევქმნათ და შენებისას დავეყრდნოთ პრინციპს - სიმსუბუქე ზემოთ/მაღლა” Мордвинов А.Г., Выступление на партийно-комсомольском собрании ССА 19 декабря 1934 года.Стенограмма// РГАЛИ. Ф.674. Оп.2. Ед.хр.8. Л.96.. ამ ყველაფრის შედეგად, უნდა შექმნილიყო მყარად მიწაზე მდგომი მონუმენტური არქიტექტურა, რომელიც ადამიანს განაცდევინებდა საბჭოთა ადამიანის ცხოვრების ხალისიან სიმსუბუქეს.
მთავარი კორპუსი, ერთსართულიანი თაღოვანი გადასასვლელით უკავშირდება როტონდას,  რომელშიც მოწყობილი იყო სასადილო/რესტორანი და სხვა ფუნქციის საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეები. სანატორიუმი  „იმერეთი“  ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და საინტერესო ობიექტია წყალტუბოში და, ზოგადად, ქართული სტალინური პერიოდის არქიტექტურაში.
სანატორიუმი „მედეა“. გურიელის ქ. N3-ში
სანატორიუმი „მედეა“, ყოფილი („ცენტროსოიუზი“), 1954-1962 წლებშია აშენებული არქიტექტორების,  ალექსანდრე ინწკირველის და თომა ფოცხიშვილის პროექტის მიხედვით.ამ ჯგუფს წყალტუბოში აშენებული აქვს  სანატორიუმი „სავანე“ ,1947-1975წ.  ა. ინწკირველს  კი - თავდაცვის სამინისტროს სანატორიუმი, 1947-1957წწ.ის  დამრეც რელიეფზეა განთავსებული და რამდენიმე, ერთმანეთთან გადასასვლელებით დაკავშირებული ფლიგელისაგან შედგება.  (ილ. 10)
10
ქუჩიდან სანატორიუმის მთავარ კორპუსამდე, გრძელ კიბე-ხეივანს მივყავართ. უმეტეს შემთხვევაში, წყალტუბოს სანატორიუმები, ცენტრალური წრიულის გზიდან მოშორებით, შედარებით მაღალ ნიშნულზე, მათი კუთვნილი ვრცელი ეზოების სიღრმეშია  განთავსებული. წრიულ  გზაზე, რომელიც გარს უვლის ცენტრალურ პარკს, სანატორიუმებში შესასვლელები მონიშნულია დეკორატიულად გაფორმებული კარიბჭეებით ან/და პომპეზური კიბეებით. ტერიტორიის ფართობიდან (2 და მეტი ჰექტარი)  გამომდინარე, ეზოში შესასვლელიდან სანატორიუმის შენობამდე, ხშირად, საკმაოდ გრძელი გზაა გასავლელი, მნახველი ნელ-ნელა უახლოვდება  არქიტექტურულ ობიექტს, ხედი სანატორიუმზე თანდათან იხსნება, რაც აღქმის განსაკუთრებულ დრამატურგიას ქმნის.
სანატორიუმ „მედეას“ მთავარი, 140 მეტრიანი ფლიგელის მთავარი  ფასადი, ვიზუალურად, ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთი - ეს არის, შედარებით მოკლე, სწორხაზოვანი მონაკვეთი,  განაპირა, მძლავრად შვერილი რიზალიტებით და  კიდევ უფრო მეტად შვერილი ცენტრალური ნაწილით. აქ, მეორე სართულზე, რიზალიტებს შორის არსებული სივრცე გადაწყვეტილია თაღოვანი გალერეის სახით.  შენობის ეს ნაწილი,  დიდწილად    განსაზღვრავს ობიექტის პომპეზურ,  ამავდროულად, მსუბუქ, ჰაეროვან ხასიათს.
მეორე, უფრო გრძელი მორკალული, ნაწილი - რიზალიტების თემა აქაც მეორდება, ის საერთო და გამაერთიანებელია მთავარი ფასადის ორივე მონაკვეთისთვის. კედლის სიბრტყე სწორკუთხა და თაღოვანი ღიობებით არის დანაწევრებული, რომელთა უმეტესი ნაწილი აივანს წარმოადგენს. აივნების ფორმა, მეტწილად, სწორკუთხაა, სუსტად შვერილი, განსხვავებულია  მხოლოდ რიზალიტებზე გიგანტური თაღში ჩასმული მომრგვალებული აივნები. ფასადზე, რიზალიტებს შორის, მეორე და მესამე სართულის დონეზე, რიტმულადაა განთავსებული გიგანტური კორინთული სვეტით მოჩარჩოებული  შეწეული, კედლის სიბრტყეში „ჩაძირული“  ზონები.
ობიექტის ფასადის დეკორატიული ელემენტები,  ძირითადად, კლასიკური არქიტექტურიდან არის ნასესხები, ეროვნული მოტივი ჩნდება გრძელი, მორკალული მონაკვეთის პირველი სართულის გალერეა-აივნის  შეწყვილებულ  სვეტებზე.
ეს მრავალფეროვნება და სიბრტყეთა თამაში, მონოტონურობისგან და ერთფეროვნებისგან თავის დასაღწევად არის შექმნილი და შენობას მისთვის სახასიათო რიტმსა და დინამიკას სძენს. ობიექტის  ორ ნაწილს შორის არსებული განსხვავებები ხელს არ უშლის მის მთლიანობას. მნახველს პირველად  თვალში ხვდება  თაღედი, მისი აზიდული პროპორციები, ღია გამჭოლი გალერეა სიმსუბუქის და პომპეზურობის შთაბეჭდილებას ქმნის, რასაც ენაცვლება მეორე, მორკალული ფლიგელის შედარებით მშვიდი, თუმცა, რიტმული,  დინამიკური მონაკვეთი.
სანატორიუმი „თბილისი“. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. N2  
სანატორიუმ „თბილისის“ ძირითადი ნაწილი 1950-1951 წლებშია აგებული, არქიტექტორების, ვიაჩესლავ ოლტარჟევსკი და  ბ. სობოლევის პროექტის  მიხედვით. (ილ. 3)
3
სანატორიუმის ტერიტორია ორ, თანაბარი ზომის ნაკვეთად არის დაყოფილი. ერთი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის განაპირა ნაწილი, მთიანად დათმობილი აქვს რეკრეაციულ ფუნქციას, აქ, ოდესღაც, კეთილმოწყობილი პარკი იყო, სხვადასხვა ჯიშის ნარგავებით და ყვავილების დეკორატიული პარტერით. მეორე, შედარებით მაღალ ნიშნულზე, ტერიტორიის სიღრმეში არსებულ ნაწილზე  კი ნაგებობებია.
ზოგადად, ბალნეოლოგიურ კურორტებზე   დიდი მნიშვნელობა ენიჭება  ურბანული ქსოვილის და გამწვანებული ტერიტორიის  ბალანსს. ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონები ჩართულია სამკურნალო-გამაჯანსაღებელ პროცესში.   საკურორტო ქალაქების შიგნით და მის გარშემო არსებული გამწვანებული ფართო  ტერიტორიები წარმოადგენენ ე.წ.  „თერაპიულ ლანდშაფტს“, ის განუყოფელი და აუცილებელი კომპონენტი იყო კურორტზე ჩამოსულთა გაჯანსაღების პროცესში. წყალტუბოში, გამწვანებული ზონების  შენარჩუნებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა, რაც, უპირველეს ყოვლისა, აისახება, მათ მოვლა-პატრონობაში, ფუნქციის შენარჩუნებაში, განაშენიანებული და გაუნაშენიანებელი ტერიტორიების ბალანსის დაცვაში. ამ მოთხოვნამ და საჭიროებამ დიდიწილად განაპირობა ქალაქის გეგმარება, სანატორიმების განთავსება, მათი შორის დიდი დისტანციები და მათი  ვრცელი ტერიტორიები. ლანდშაფტური და საბაღო-საპარკო არქიტეტურა, წყალტუბოს იერ-სახის ჩამოყალიბებაში,  უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა,  სამწუხაროდ, ოდესღაც მოვლილი პარკებიდან დღეს, პრაქტიკულად, არაფერი შემოგვრჩა.
ნიკოლოზ ბარათაშვილის  ქუჩიდან სანატორიუმის შენობამდე მიემართებოდა ხეივანი, რომლის ბოლოს არსებული მორკალული, ორფრთიანი   კიბის  მეშვეობით ვხდებით   მოედანზე, ცენტრში მცირე ზომის აუზითა და სკულპტურით. სამწუხაროდ, შემორჩენილია მხოლოდ აუზის კონტურები. მოედანზე იხსნება შენობის ცენტრალური ნაწილი, მასთან  მისასვლელად უნდა ავიაროთ ორმარშიანი კიბე, რომლის ორივე მხარეს განთავსებულია გრიფონების სკულპტურები.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კურორტზე არსებული სანატორიუმების უმეტესობა რთული გეგმარების და კონტურისაა. ეს გამოწვეულია პრაქტიკული მოთხოვნებით და სანატორიუმების ფუნქციური სპეციფიკით. საცხოვრებელი ფუნქციის ერთ კორპუსში თავმოყრა ამარტივებს მათ მომსახურებას, ამ პრაქტიკულმა მოთხოვნამ გამოიწვია საცხოვრებელი კორპუსების დიდი მოცულობები.   სანატორიმების  ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა საუკეთესო პირობები მისი ინსოლაციისთვის, შესაბამისად,  ობიექტები ისეა დაგეგმილი და განთავსებული, რომ ყველა ოთახს თანაბრად და სრულფასოვნად მიეწოდებოდეს მზის სხივი. ეს  მნიშვნელოვანი მოთხოვნა ხშირად იწვევს ობიექტების სპეციფიკურ (მრუდხაზოვან, მორკალულ, დატეხილ) კონტურს, დიდ დისტანციებს ობიექტებს შორის, გრძელი ფასადებს და ეს მხოლოდ წყალტუბოსთვის არ არის სახასიათო, მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ქალაქი  ბათი (the bath), ინგლისი; სასტუმრო „იმპერიალი“ კარლოვი ვარი 1910-1912წწ. და სხვ.
სანატროიუმ „თბილისის“ მთავარი კორპუსი სამი ფლიგელისგან  შედგება, ორი, ერთიანობაში,  ქმნის V ფორმას, ცენტრალურ ნაწილში, შენობას, უკანა მხრიდან  ებჯინება   მესამე, წაგრძელებული მართკუთხა, 1-2 სართულიანი ფლიგელი, ცენტრში მოწყობილი შიდა ეზო-პატიოთ.
საფასადო  კომპოზიცია შექმნილია  სამი -  ორი განაპირა და ერთი ცენტრში  არსებული რიზალიტის და მათი  შორის გადაჭიმული აივნებით გახსნილი მონაკვეთების კავშირებითა და კონტრასტებით.
შენობის უმეტესი ნაწილი გახსნილია შენობის ტანში ღრმად ჩასმული  აივნების უწყვეტი რიგით, მათი დამუშავება განსხვავებულია: I სართულზე  შეისრული თაღებია, II-III სართულების აივნები გიგანტური ოთხკუთხა სვეტებით არის გაერთიანებული. კაპიტელების გაფორმებაში გამოყენებულია მცენარეული ელემენტები და მასკარონები, IV სართულის   ღიობები აქცენტირებულია  მასკარონებით, აქ სვეტის თავები ქართული საერო ხუროთმოძღვრების   სახასიათო ელემენტს, დედაბოძს მოგვაგონებს.  
განსხვავებულად არის გადაწყვეტილი ცენტრალური რიზალიტი. ის შუა ნაწილში მორკალული, ჩაზნექილია, ღიობებითა და დეკორატიული ჩანართებით გაფორმებული.  შენობის  ეს მონაკვეთი სრულდება ბელვედერით, საიდანაც იშლება ხედი ქალაქზე და მის შემოგარენზე..   
იერსახის შექმნაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჰორიზონტალური და ვერტიკალური მიმართულებების კონტრასტი, რაც ძლიერ სახასიათოა, ზოგადად, საბჭოთა არქიტექტურისთვის. ჰორიზონტალური მიმართულება ხაზგასმულია მასიური, პროფილირებული კარნიზებით,  აივნების უწყვეტი ხაზით, მოაჯირების ბალიასინების რიტმით, პირველის სართულის თაღედით,  რუხი ფერის ქვის რუსტებით მოპირკეთებული ცოკოლის სართულით, ვერტიკალური კი - რიზალიტებით, პილასტრებით, პირველი სართულის თაღედის ფორმით, ცენტრალური ნაწილის კომპოზიციით.  ჰორიზონტალური და ვერტიკალური მიმართულებებით "თამაში",  ობიექტს, განსაკუთრებულ, მისთვის სახასიათო დინამიკას სძენს.
სამწუხაროდ, შენობის მთავარი ფასადი, ისევე, როგორც მთლიანად შენობა, საკმაოდ შელახულია, საფასადო დეკორის ელემენტები, რომელიც აქ უხვადაა გამოყენებული, დაზიანებულია, გალერეებისა და აივნების ნაწილი  ამოვსებულია, თუმცა, საერთო სახე და ხასიათი შენარჩუნებულია.
შენობის უკანა ფასადი უფრო მარტივად, სადად არის გადაწყვეტილი.  აქაც კომპოზიცია რიზალიტებით და მათ შორის გადაჭიმული სიბრტყის მონაცვლეობით არის შექმნილი, თუმცა,  დეკორატიული ელემენტები მინიმუმამდეა დაყვანილი, მეორეხარისხოვანი ფასადების უფრო მარტივად, ძუნწად დამუშავებაც, ასევე, სახასიათოა წყალტუბოს პანსიონატებისთვის, თუმცა, აღსანიშნავია, რომ   შენობის უკანა ფასადის დღევანდელი სახე  1963-1965წწ რეკონსტრუქციის  შედეგად არის მიღებული, როდესაც პანსიონატი უკანა მხრიდან მოშენების ხარჯზე გაფართოვდა.
სსრკ უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის სანატორიუმი „წყალტუბო“ / სტალინის აგარაკი/ სოფელი გვიშტიბი
სანატორიუმი „წყალტუბო“ 1940 წელს აიგო არქიტექტორ ნიკოლოზ სევეროვის პროექტით. მდებარეობს გორაკზე, სოფ. გვიშტიბის დასაწყისში.  სანატორიუმის ვრცელ ტერიტორიაზე (250768კვმ.) რამდენიმე ობიექტი დგას: სტალინის სააგარაკო სახლი, კლუბი/კინოთეატრი, საზაფხულო ღია თეატრი, ბიბლიოთეკა, საცხოვრებელი  მომსახურე პერსონალისთვის, 50 კაცზე გათვლილი სანატორიუმის კორპუსი და სხვა დამხმარე და საყოფაცხოვრებო ობიექტები. (ილ. 11)
11
სანატორიუმის ვრცელ ტერიტორიაზე, შენობები, ორ ლოკაციაზეა კონცენტრირებული. ერთი - ეს არის  შემაღლებულ  ნაწილი, სადაც მდებარეობს  სტალინის სააგარეკო სახლი და მის გარშემო არსებული რამდენიმე ობიექტი,  მეორე კი - გზის პირა ტერიტორია, სადაც მთავარი ობიექტი  წაგრძელებული გეგმარების, ორსართულიანი,  კლასიცისტური  იერის მქონე სანატორიუმი "წყალტუბოა". (ილ. 12, 13)
12
14
სტალინის სააგარაკო სახლი წაგრძელებული გეგმარებისაა, სიმეტრიული კომპოზიციით. შენობის ცენტრალური ნაწილი ორ, განაპირა მონაკვეთები კი - ერთსართულიანია. მთავარი ფასადი, ნაწილობრივ,  სვეტებიანი გალერეით არის  გახსნილი, აქედან შესანიშნავი ხედი იშლება.  შენობა  ყურადღებას იქცევს მარტივი, მაგრამ არა უბრალო, ლაკონიური და არა ძუნწი იერით,  მონუმენტური და სააგარაკო, კლასიკური თუ ავანგარდული არქიტექტურის შესანიშნავი ბალანსით, გარემოსთან, ლანდშაფტთან, პანორამულ ხედებთან დამოკიდებულების გააზრებულობითა და კორექტულობით.
„გვიანი მოდერნიზმის“ ნიმუშები კურორტ წყალტუბოში

1960-1980-იან წლებში, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელებულ სტილზე, „გვიან მოდერნიზმზე“ გადასვლა, ისევე, როგორც, თავის დროზე, „სოციალისტურ კლასიციზმზე“, პოლიტიკური „სარჩულით“ ხდება. ცვლილებას საფუძვლად უდევს 1955 წლის 4 ნოემბრის დადგენილება „დაპროექტებასა და მშენებლობაში ზედმეტობის აღმოფხვრის“ შესახებ.  იმ ეტაპზე, საბჭოთა არქიტექტურა უარს ამბობს „სტალინური არქიტექტურისთვის“ სახასიათო  „გადაჭარბებულ“ დეკორატიულობაზე, მასშტაბურობაზე, პომპეზურობაზე და გეზს  „ზედმეტობისგან გათავისუფლებული“  არქიტექტურული  სტილისკენ  იღებს. ამ პერიოდის არქიტექტურის მიზანი მშენებლობის ინდუსტრიალიზაცია და სწრაფი ტემპია.  ამ მიზნის მისაღწევად იქმნება ტიპობრივი პროექტები საცხოვრებელი კვარტალების, სახლების, სკოლების, უნივერმაღების, ამბულატორიების... ტიპობრივი პროექტებით მშენებლობა მიმდინარეობს მთელი კავშირის ტერიტორიაზე.   გარდა ამ ტიპის მშენებლობისა, მცირე მასშტაბით, მაგრამ, მაინც მიმდინარეობდა ინდივიდუალური პროექტებით მშენებლობა, არქიტექტორებს აქ მეტი თავისუფლება ჰქონდათ.  ზოგადად, საბჭოთა, და,  მათ შორის, ქართული საბჭოთა მოდერნიზმი,  დიდწილად, განიცდის  იმ პერიოდში მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული  ტენდენციების (ფუნქციონალიზმი,ბრუტალიზმი, მეტაბოლიზმი..) გავლენას.  
ამ სტილის რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითია კურორტზე. ზოგიერთი მათგანი ფასეული და მნიშვნელოვანია არა მარტო წყალტუბოს, არამედ, ზოგადად,  „გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის“ ისტორიისთვის
დასახელება    თარიღი    არქიტექტორი
სამგურალი    1977-1987    მ. ლიპარტელიანი
საქართველო    1974-1983
მ. ჩხენკელი
რ. ჯანაშია
აია    1970-1985    ფ.ქუფარაშვლი, რ.კახაშვილი, ც.ქუფარაშვილი, მ.ჩუტკერიშვილი

ინტურისტი    1968-1976    ლ. ლორთქიფანიძე
გეოლოგი    1966-1976    ვ.კედია, ლ.სტეპანოვა,
ფ.ქუფარაშვილი

სანატორიუმი „სამგურალი“
დამრეც ლანდშაფტზე ოსტატურად მორგებული, მერაბ ლიპარტელიანის პროექტით აგებული სანატორიუმი  „სამგურალი“, „გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის“  საინტერესო ნიმუშია. ის  სამი, სხვადასხვა ფუნქციის, ერთმანეთთან ხიდებით და დახურული გადასასვლელებით დაკავშირებული ფლიგელისგან შედგება. (ილ. 7)
დედა ენის ქუჩიდან, კომპლექსის პირველი ობიექტი, სანატორიუმის შერეული ფუნქციის ფლიგელია, რომელიც  გადასასვლელის მეშვეობით უკავშირდება მის წინ, შედარებით დაბალ ნიშნულზე განთავსებულ   სანატორიუმის ძირითად, ცხრასართულიან ფლიგელს.   საცხოვებელი კორპუსის გრძივი ფასადების დამუშავება იდენტურია - მარტივი, სწორკუთხა, უსაპირო სარკმლებით დანაწევრებული ფასადის უმეტესი ნაწილი გახსნილია გალერეა-აივნებით. ორიგინალურად  გადაწყვეტილი აივნები, დიდწილად, განაპირობებს სანატორიუმის სახასიათო იერს. აივნების და, ასევე, ტორცოებზე მოწყობილი შესასვლელების გადაწყვეტა გარკვეულ ასოციაციებს ბადებს ევროპული მოდერნიზმის ცნობილ ობიექტებთან (მაგალითად, ოსკარ ნიმეიერის Palacio da Alvorada-ს ამოტრიალებული თაღების თემასთან).
მთავარი კორპუსი ასევე გადასასვლელით უკავშირდება მის წინ, კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზე განთავსებულ დიაგნოსტიკურ კორპუსს. სამსართულიანი, L გეგმარების მქონე შენობა, ეზოში ტერასულად განთავსებული ღია გალერეით იხსნება.
სამი ფლიგელისაგან შექმნილი სანატორიუმი, მისი კუთვნილი ტერიტორიის  შედარებით განიერ  მონაკვეთზეა განთავსებული, დარჩენილი ვიწრო ზოლი დათმობილი აქვს ეზოს, საიდანაც სამკურნალო-დიაგნოსტიკური და მის უკან განთავსებული მთავარი კორპუსი,   ერთიან მოცულობად აღიქმება: სამსართულიანი ტერასებად განვითრებული მასა, რომელზეც ამოზიდულია ცხრასართულიანი  კორპუსი.
ობიექტი, მისი საინტერესო გეგმარებით, მასების გადანაწილებით, რიტმით, კომპოზიციური ხერხებით, ფასადების გადაწყვეტით ძალიან საინტერესო ნიმუშია ქართული საბჭოთა მოდერნიზმისა. მიუხედავად ობიექტის მძიმე მდგომარეობის და არაერთი გადაკეთებისა, არქიტექტურული ჩანაფიქრი მკაფიოდ და ნათლად იკითხება.
სანატორიუმი „აია“
კურორტის სამხრეთ აღმოსავლეთით, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს სანატორიუმი „აია“ (არქიტექტორები: ფ. ქუფარაშვილი, თანაავტორები პ. კახაშვილი, ც. ქუფარაშვილი, მ. ჩუტკერაშვილი  1970- 1985წ.) რთული კონფიგურაციის ობიექტი რამდენიმე ფლიგელისაგან შედგება. სანატორიუმის ფუნქციური, კომპოზიციური და გეგმარებითი ცენტრი მართკუთხა ფორმის, ექვსსართულიანი საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც მთავარ ფასადზე გრძელი ფასადით კი არ გამოდის, არამედ, წაკვეთილი, უფრო სწორედ კი, წაწვეტებული ტორცოთი. საძილე კორპუსის ორივე მხარეს სხვადასხვა ფუნქციის 2-3 სართულიანი ფლიგელებია, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსის ხაზზე კი არ არის დასმული, არამედ, სიღრმეშია გადატანილი ისე, რომ ტორცოს წაწვეტებული მონაკვეთი წინ არის „გამოვარდნილი“. მასების ასეთი გადანაწილება, ტორცოს ფასადის გადაწყვეტასთან ერთად,  დინამიკის, წინსწრაფვის შთაბეჭდილებას ქმნის და ნაგებობას მოძრავ ობიექტს ამსგავსებს. გრძივი ფასადების გადაწყვეტა კიდევ უფრო აკონკრეტებს ამ შთაბეჭდილებას. ხუთ სართულზე აივნების უწყვეტი რიგი, ბრტყელი გადახურვა, ცენტრში მძლავრად ამოზიდული კიბის უჯრედის ყრუ მასა, სტატიკურ შენობას, მოძრავ, მცურავ გემთან აახლოებს. განსხვავებულ ასოციაციებს ქმნის შენობის გეგმარება,  სადაც ის თვითმფრინავს უფრო წააგავს.  დინამიკის ეს ინტენსიური შეგრძნება ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია, რომლითაც სანატორიუმი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

სანატორიუმი „სინათლე“
არქიტექტორი ვალერიან კედიას პროექტით არის აგებული კურორტზე  ყველაზე მცირე ზომის სანატორიუმი „სინათლე“ (1963-1971წ.). (ილ. 14) სანატორიუმ „იმერეთის“ მონუმენტური ობიექტის მომიჯნავედ განთავსებული ეს მოდერნისტული შენობა  მართკუთხა ფორმისაა,  კომპოზიცია სამი განსხვავებული გადაწყვეტის კონტრასტზეა აგებული: ორსართულიანი, ყველაზე მაღალ ნიშნულზე არსებული მონაკვეთის კედლის სიბრტყე  ღიობების გარეშეა, ყრუ, თეთრი ქვით მოპირკეთებული, მას  მოსდევს  ობიექტის   ყველაზე გრძელი მონაკვეთი, რომელიც აივნების უწყვეტი რიგით არის გახსნილი,  ბოლოს კი   ფართო, გადახურული, ღრმა ვერანდაა. არქიტექტურული გადაწყვეტა მკაფიო, ლაკონიური, მინიმალისტურია. დეკორატიული ელემენტებისგან გათავისუფლებული შენობის იერ-სახე, კედლის სადა სიბრტყის და შენობის ტანში ღრმად ჩასმული  აივნების კონტრასტით, ამ სიბრტყეებში არეკლილი თუ ჩაწოლილი ჩრდილების თამაშით იქმნება.  გადაწყვეტა ისეთია, რომ ყველაზე დახურული, თითქმის ყრუ მონაკვეთიდან, შენობა ეტაპობრივად იხსნება და, საბოლოოდ, სრულად ღია ვერანდაში, გარემოში გადაედინება. ეს კი  ქმნის  დინამიკას  დახურულიდან ღია სივრცისკენ. ლაკონიურობა, მინიმალიზმი, სიმარტივე და ლანდშაფტთან განსაკუთრებული დამოკიდებულება - ეს ის არქიტექტურული ენაა, რომლსაც ვალერიან კედია ირჩევს სანატორიუმ „სინათლეს“ პროქტირებისას. ობიექტი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული „გვიანი მოდერნიზმის“ ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია.
ბალნეოლოგიურ კურორტის წყალტუბოს მახასიათებლები მრავალკომპონენტიანია და ის მოიცავს: ქალაქგეგმარებას, არქიტექტურას, ფუნქციურ სპეციფიკას,   ქალაქისა და ლანდშაფტური ტერიტორიების ბალანსს,   მინერალური წყლების მახასიათებლებს, სამკურნალო ინფრასტრუქტურას და მკურნალობის მეთოდოლოგიას.  რომელიმე ერთი კომპონენტის გაუაზრებელმა და არათანამიმდევრულმა განვითარებამ ან, უგულებელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს კურორტის ძირითადი მახასიათებლების არამართებული შეცვლა.  წყალტუბოს განვითარებისთვის ამოსავალი წერტილი, ინოვაციას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას შორის ბალანსის მოძიებაა.  მიუხედავად მრავალი დაზიანებისა, გადაკეთებისა, ფიზიკური განადგურებისა, წყალტუბომ შეინარჩუნა  მთლიანობა, ავთენტიკურობა და, რაც მთავარია, სული. წყალტუბოში, ქალაქგეგმარება და არქიტექტურა ხმამაღლა და მკაფიოდ ჰყვება ამბავს, ამბავს საქართველოსთვის სრულიად უცხო მასშტაბის, პომპეზურ, მდიდრულ, 300-მილიონამდე სახელმწიფოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად  კურორტზე.  მთავარი ეს ამბავი, ეს ისტორიაა და არა რომელიმე ცალკეული ობიექტი.  შესაბამისად,  მიზანი უნდა იყოს ქალაქის ხასიათის შენარჩუნება და არა მხოლოდ ცალკეული ობიექტებისა.

გამოყენებული ლიტერატურა
•    ო.შავიანიძე.  „კურორტი წყალტუბო“. „საბჭოთა საქართველო“. 1973წ.
•    გ.წითლანაძე . „წყალტუბო“, საქმედგამი. თბილისი 1939წ.
•    გ.წითლანაძე.  „წყალტუბო“, საქმედგამი. თბილისი 1958წ.
•    „საქართველოს კურორტების ცნობარი“, საქ, კურორტთა მთ.სამ.გამოცემა. 1926წ.
•    დ.ჯავახიშვილი.  კურორტი წყალტუბო, ტფ. სახელგამის სამეცნ. სექტორი. 1934წ.
•    თ. იოსელიანი. კურორტი წყალტუბო. წყალტუბო 2019
•    თ.კარტოზია, ი.ჩიქოვანი. კურორტი წყალტუბო.  საქართველოს სსრ სამედიცინო გამომცემლობა 1959წ.
2021 წელი

ნანახია: 2207-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani