Georgian (Georgia)English (United Kingdom)
,,მშენებლობა ხელოვნების გზით” ანუ თბილისის რეკონსტრუქციის მგრძნობიარე საკითხები

ნინო ჭინჭარაული

1938 წელს ჟურნალი „საბჭოთა საქართველო“ თბილისში მიმდინარე გრანდიოზულ ურბანულ ცვლილებებზე თავმომწონედ წერდა: „ფერშეცვლილია და ძველი თვალისათვის სრულიად უცნობი გრანიტის სალტეში ჩაჭედილი მტკვრის ნაპირები, მსოფლიო სანახაობად გარდაიქცა ფუნიკულორის პლატო, ძველი მეტეხიდან მარტო ერთი ეკლესიაღა შერჩა სიძველის ძეგლად... ახალი ქალაქებივით გაშენდა უნივერსიტეტის უბანი - ანუ ძველი ვაკე, ასევე ახალქალაქის სახე მიიღო საბურთალომ, ხოლო ძველ ნარიყალას ქვეშ გაიშალა თვალწარმტაცი ბალნეოლოგიური კურორტი თავისი დიადი ინსტიტუტითა და აბანოებით“. იმ ქალაქგეგმარებით სიახლეებს, რომლითაც ასე მოჰქონდა თავი თბილისის მაშინდელ ხელმძღვანელობას, ცალი ფეხი ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის ნანგრევებში ედგა. ეს გარდაუვალიც იყო, ახლის შენება ხომ ძველის ნგრევის ხარჯზე მიმდინარეობდა. მაგრამ ნგრევაცაა და ნგრევაც და როცა მას ძველი, როგორც იდენტობის განუყოფელი ნაწილი, ეწირება, მაშინ მისი განადგურებით „რამ ახალი და ღირებული ვერ შეიქმნება; როგორც ცოცხალი ორგანიზმისთვის რისამე მოკლება, ესეც მხოლოდ დამახინჯება იქნება და დასახიჩრება-გაუსახოვანება“.თუმანიშვილი დ., მეტეხის თავგადასავალი, ომეგა, 2002, 5(31), 109. ასეც აღმოჩნდა - „სოციალისტური სინამდვილის“ დასრულების შემდგომ, დედაქალაქის ისტორიული უბნების 1930-1960-იანი წლების საბჭოთა პერიოდის რეკონსტრუქცია ქალაქის ურბანულ განვითარებაში „ორგანულობის წყვეტად“ გამომჟღავნდა.ამონარიდი პერიოდიკიდან - „ძველი მეტეხიდან მარტო ერთი ეკლესიაღა შერჩა სიძველის ძეგლად...“ - იდეოლოგიური ტაშისკვრის მიღმა თბილისის არქიტექტურული ლანდშაფტიდან ერთ-ერთი მთავარი დომინანტის, კერძოდ, „ღმრთისმშობლის“ ეკლესიით ამოზიდული ყოფილი ისნის ციხის განაშენიანების, იქვე. მოშლას ნიშნავდა. თუმცა ი. სტალინის სამსახურში ჩამდგარი არქიტექტორებისათვის პირველადი ის „ურბანული გადახალისება“ რჩებოდა, რომელიც ძველი, მჭიდრო და სტიქიური განაშენიანების მოშლა-გამოთავისუფლებას და ახალი თავისუფალი სივრცეებისა და ანსამბლების აშენებას გულისხმობდა. შედეგად, მტკვრის ორივე სანაპიროს მთავარ კვანძებზე ქარვასლების, ხიდების თუ ძველი ქუჩების აღებით, ისტორიული თბილისის „დაცარიელება“ ხდებოდა, როგორც ეს მოსწრებულად ითქვა დ. თუმანიშვილის მიერ. დედაქალაქის თანამედროვე ზრდაში კი, სწორედ, ამ უკანასკნელი „სიცარიელეების“ შევსება-აღდგენა ხდება, ანალოგიურად აუცილებელი თუ საეჭვო შენაძენებითა და ასევე, უეჭველი დანაკარგებით. ბოლო ათწლეულის მანძილზე თბილისი მორიგი რეკონსტრუქციის ერაში შევიდა და პოსტ-საბჭოთა პერიოდის თვითდამკვიდრების იდეოლოგია, თავისი ამბიციური და გრანდიოზული პროექტებით, გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ კვლავ ნიშანდობლივად აგრძელებს განდიდების მანიით შეპყრობილ საბჭოთა დროის ცნობიერებას, იმ განსხვავებით, რომ ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა დღემდე ჩამოუყალიბებელი და განუხორციელებელია.

12

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, უძრავი ქონება პროგრესულად ვითარდება საქართველოში. საბჭოთა ეპოქის ცენტრალიზებული ინვესტიციური სისტემა ადგილობრივ წყაროებზე და კერძო ინვესტიციებზე გადასვლით შეიცვალა. ქალაქფორმირება აღარ განიხილება ნაციონალური განვითარების ინტეგრალურ ნაწილად. მაგრამ, საქალაქო არქიტექტურა კვლავ მჭიდრო ურთიერთკავშირს ინარჩუნებს არსებულ პოლიტიკურ პრიორიტეტებთან და მისი განვითარება ერთპიროვნული მართვის მექანიზმზეა დამოკიდებული.
ანგაჟირებული მშენებლობების ერთ-ერთ განმსაზღვრელ კატალიზატორად რაიონებიდან მოქალაქეების მოზღვავების ფაქტი იქცა. რიგი სოციოლოგიური ანომალიების გარდა, პროვინციებიდან ჩამოსული ხალხი, ელემენტარული შემოსავლების ძიებაში, მშენებლობებზე იაფი მუშახელის ადგილსაც რთული კონკურენციით იკავებს. ადამიანური რესურსებით მომარაგებული სამშენებლო ბაზარი კი სწრაფად მიიწევს წინ. თუმცა, ქალაქგეგმარებით კონტექსტში ქართული სამშენებლო „პროსპერიტი“ უკონტროლოდ მწიფდება. ქალაქის ურბანული ათვისების თანამედროვე პროცესში სოციალური პასუხისმგელობისთვის ადგილი არ რჩება. ქართული საზოგადოება ამ პასუხისმგებლობისთვის მზად რომ ყოფილიყო, აქამდე მოხერხდებოდა თბილისის განვითარების მარეგულირებელი სისტემის შემუშავება.
სწორედ, ქალაქგეგმარებითი იდეოლოგიის არ არსებობის მიზეზით ზარალდება დედაქალაქის უახლოესი და შორეული წარსულის ურბანული მემკვიდრეობა. ძველ ისტორიულ სქემებში, ადგილობრივი განაშენიანების გამოთავისუფლების ხარჯზე, შენდება უახლოესი სტანდარტების და თანამედროვე კონცეფციების არქიტექტურა. სიტუაციას კი მსხვერპლად ეწირება თბილისის ცენტრალური რაიონების ორგანული მთლიანობა. ასეთი შემთხვევები მრავლადაა ისტორიულ ხარფუხსა თუ აბანოთუბანში, კალასა თუ სოლოლაკში, მთაწმინდასა თუ ავლაბარში. არანაკლებ გაუარესდა სიტუაცია ვერასა და ვაკეში; ქალაქის „ელიტური“ უბნები ახალი მშენებლობების აგრესიამ შეიპყრო.
დედაქალაქის ურბანული მორფოლოგია უხეში დაღვევების ნამდვილი საბადოა. ქალაქის უნებართვო კონსტრუქციების ისტორიები საეჭვოდ პარადოქსულია - მათი უკანონობა ხომ კანონის სპეკულირებით მკვიდრდება. ამ ფაქტს პოლიტიკასთან გარიგებულ ოლიგარქთა ძლიერი ფინანსური ზურგი განაპირობებს, რადგან ზემდგომთა ინტერესების შემთხვევაში საკუთრების კანონიერი უფლების ბოროტად გამოყენება და მისი არალეგალური რეალიზაციის შანსები პირდაპირპროპორციულად იზრდება. უკანონოდ განხორციელებული მშენებლობების გამომწვევი ეპატაჟურობა კი საზოგადოებრიობის უსუსურ აღშფოთებას ადვილად უპირისპირდება.
უკანონო მშენებლობების სკანდალური წარმოშობა და გასაჩივრების მიუხედავად, მათი განხორციელებული პროექტები არასაკმარისი საჯაროობის ფონზე, „ტაბუირებული თემის“ შტრიხებს იძენდა ხოლმე, თუმცა ბოლო წლებში ქალაქის ხელმძღვანელობა ნაკლებად ტოვებს თემას უკომენტაროდ. ასეა თუ ისე, შექმნილი ფენომენი თბილისის ქალაქგეგმარებით სივრცეში არასახარბიელო სიტუაციას ადასტურებს და ხვალინდელ პრობლემებზე მიგვანიშნებს.

34

თანამედროვე სამშენებლო ბუმის ფონზე აქტუალური პროექტების რიცხვი დიდია. მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ ხვალინდელ თბილისს დღევანდელი ქალაქგეგმარება არაერთ მახინჯ რელიქტად შეახსენებს თავს. უძრავი ქონების სააგენტოები ქალაქის სრულ პერიმეტრზე მუშაობენ. გარეუბნებიდან ცენტრის მიმართულებით მონაკვეთზე ჩადებულ ინვესტიციებს და არქიტექტურული პროექტების მასშტაბურობას გეომეტრიული პროგრესიის ზრდა ახასიათებს. სამშენებლო დარგით ხარბად დაინტერესებული მმართველი წრეები თუ ფინანსური „ელიტა“, თავის მხრივ, კანონდარღვევების სტატისტიკას მოქმედების მრავალფეროვან გარემოს უქმნის. ქალაქის ურბანულად ღირებული ტერიტორიები და თბილისის ისტორიული უბნები ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე გახმაურებული სამშენებლო კამპანიების ადგილად იქცა.
უკანონო მშენებლობების თემა ინტენსიურად ფიგურირებს თბილისის კულტურული მემკვიდრეობის სექტორში. ქალაქის ურბანული დაცვის ზონები და პრესტიჟული ცენტრალური უბნები მსხვილი ბიზნეს-ჯგუფების სტრატეგიული ინტერესის ობიექტებია. ბუნებრივია, თბილისის მერია ხელს უწყობს ინვესტიციური ნაკადების მოზიდვას, როგორც ქალაქის ზრდის უმთავრეს პირობას. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებით ორგანოებთან შეჯვარებული სამშენებლო სექტორი გიგანტურ თანხებთან დაკავშირებულ გარიგებებს კლანური სისტემის ნაწილად აქცევს და შედეგად, ამოქმედებას იწყებს „პოლიტიკური დაგეგმარება“. ამრიგად, თბილისის არქიტექტურულ სივრცეში ფული და ძალაუფლება, კიდევ ერთხელ და არასაბოლოოდ, გარდაუვალ ტანდემს ქმნის, რომელიც დედაქალაქის გრძელვადიანი განვითარების პასუხისმგებლობას, ერთი შეხედვით, ნაკლებად ხმარდება. პრაქტიკა ვიწრო ინტერესების არსებობას უფრო ცხადჰყოფს ხოლმე.
ძლიერთა ამა ქვეყნის ექსკლუზიური ინტერესის არეალი თბილისის რეკრეაციული ზონებია. ისტორიული თუ საბჭოთა პერიოდის პარკები და ბაღები, ახალი ქართველების „ცდუნების“ წყაროს წარმოადგენს. საზოგადოებრივი სივრცის მითვისების ტრადიციამ სტარტი უახლოეს წარსულში აიღო და უკანონო მშენებლობათა საერთო ტენდენციებს პირდაპირ გამოეხმაურა. ერთ-ერთი პირველი სკანდალი 9 აპრილის ბაღის კუთხეში მრავალფუქციური კორპუსის მშენებლობას შეეხო (2002 წ.). სასამართლოში არაერთგზის გასაჩივრებული კონსტრუქცია, სატრანსპორტო დისკომფორტის მიუხედავად, დღესაც მომხმარებლის განკარგულებაშია. ანალოგიური სცენარი უფრო მასშტაბურად გათამაშდა ქალაქის უმთავრეს რეკრეაციულ რაიონში - ვერეს ხეობაში. 2005 წელს თბილისის მერიისა და საკრებულოს დადგენილებით ზოოპარკისა და საბავშვო ქალაქ „მზიურის“ ნაწილს მწვანე ზოლის სტატუსი ჩამოერთვა და განაშენიანებას დაექვემდებარა. მიზეზი ბიზნეს-ცენტრის მშენებლობის ამბიცია იყო. ამ გადაწყვეტილებას, რომელიც არქიტექტურულ სამსახურთან არ შეთანხმდა, ავტომატურად მოჰყვა „მზიურის“ ტერიტორიაზე ოცდაორ-სართულიანი კორპუსის მშენებლობა (2006 წ.). ჩამონათვალს სტანდარტულად აგრძელებს ვაკის პარკის შემთხვევები, ვერის ისტორიულ ბაღში ტექს-ჯგუფის შვიდ-სართულიანი შენობა და საბურთალოზე ე.წ. „წითელ ბაღში“ მიმდინარე მშენებლობები (2008 წ.).
დედაქალაქი და მისი ისტორიული უბნები, თავისი ჰომოგენური და მრავალნახადი სტუქტურის განუმეორებლობით და ურბანულ და არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულებებით, 1999 წლიდან იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიის ნომინანტი იყო. ნიშანდობლივია, რომ ამ ნუსხიდან თბილისი მკაცრი დაცვის ისტორიულ უბნებში დაცვითი მექანიზმების არარსებობის გამო ამოიღეს. სუვარიანი ნ., ძველ თბილისს ჩუმ-ჩუმად ანგრევენ, http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=7194&lang=geo
საზოგადოებრივი აზრის და კულტურული მემკვიდრეობის იგნორირების შედეგად უკვე დამახინჯდა მთაწმინდის პლატოს განაშენიანება.
თბილისის ქალაქგეგმარება ყველაზე გამოუსწორებელი შეცდომებს ახალი მშენებლობების შეუფერებლ გარემოში განთავსებისას აწყდება. განსაკუთრებით, ე.წ. დაცვით ზონებში. „საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ (08.05.2007) ახალი შენობების ისტორიულ ურბანულ გარემოსთან დისონანსურ კავშირს კანონდარღვევად განიხილავს (მუხლი 39.3). კანონის მიუხედავად, დღევანდელ დაცვით ზონებში არაადეკვატური ჩაშენებების ისტორიამ 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო ათვლა.

56

ადრეულ ნიმუშებში აღსანიშნავია დ. აღმაშენებლის გამზირის № 75-ში მდებარე საცხოვრებელი შენობა (პ. ძინძიბაძის პროექტი, 1998 წ.). რკინა-ბეტონის ათსართულიანმა ნაგებობამ XIX-XX საუკუნეების მიჯნის სამსართულიან განაშენიანებაში გაუმართლებელი დისონანსი შეიტანა. დ. აღმაშენებლის გამზირის მოდერნული და ეკლექტური ბაროკოს აქცენტებით მსუყე ურბანულ ქსოვილში უცნაურად გამოიყურება ძინძიბაძის პროექტი, რომელიც ერთდროულად „რუსულ კონსტრუქტივიზმსა და თანამედროვე დეკონსტრუქტივიზმს ეხმიანება“. Bauling J., Mania M., Mildenberger H., Ziegler K., Architekturfuehrer Tbilisi, Tbilisi, Ltd. Siesta, (2007) 47. ვერედან მტკვრის მარცხენა სანაპიროს პანორამაში ეს შენობა საერთოდ ფარავს ი. ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე წმ. პეტრესა და პავლეს კათოლიკურ ტაძარს. ქუჩაც და ეკლესიაც ძველი თბილისის რაიონის დაცვით ზონას ეკუთვნის, რომლის მოქმედი კანონმდებლობა ისტორიული პანორამების შენარჩუნებას ითვალისწინებს (კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მუხლი 35,11); ხოლო დარღვევების შემთხვევაში დისონანსური ელემენტების დემონტაჟს.
ამავე კონტექსტის თვალსაჩინო ნიმუშია ცნობილი ბიზნესმენის და მეცენატის ბ. ივანიშვილის პრემიუმ-კლასის ბიზნეს-ცენტრი „სოლოლაკის ხეივანში“ - ე.წ. „ეკოლოგიური არქიტექტურის“ ნიმუში. მთაწმინდის პლატოსა და ქართლის დედას შორის მოქცეული კომპლექსი იმ თანამედროვე ვიზუალურ ხატს ქმნის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სოლოლაკის დაცვითი ზონის ისტორიულ პანორამებთან, თუმცა იგი ამ რაიონის უკვე განუყოფელ არქიტექტურულ მოვლენად აღიქმება.
ქალაქგემარებითი კანონდაღვევების უხეშად დემონსტრირებას ახდენს სასტუმრო „ამბასადორი“ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (2003 წ.). „ამბასადორის“ შემთხვევა საერთოდ უგულვებელჰყოფს არქიტექტურული ძეგლის ზონაში სამშენებლო რეგლამენტაციას: სასტუმროს გადამეტებული სიმაღლის გამო ირღვევა მომიჯნავე ანჩისხატის ეკლესიის მასშტაბი და აღქმის არეალი. თბილისის უძველეს ტაძარს ამოყენებული სასტუმრო „ამბასადორი“ უკანონო მშენებლობების ერთ-ერთი უკიდურესობაა. საპატრიარქოსა და კულტურის სამინისტროს გაპროტესტების მიუხედავად, ყოფილი „ლაღიძის წყლების“ შენობა 4 ვარსკვლავიან სასტუმროდ აქციეს. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება დღემდე არ რეაგირებს ამ ფაქტზე, არადა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონტექსტში, მას თავისუფლად მიენიჭებოდა დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია.
სკანდალური მშენებლობების ჯაჭვურმა რეაქციამ მოიცვა თავისუფლების მოედნის ანსამბლური განაშენიანება. „თბილისის ომის“ დროს დანგრეული კვარტალი მსხვილი საინვესტიციო გარიგებების პლატფორმად იქცა. 2002 წელს მოედნის აღმოსავლეთ მხარეს გაურკვეველ ვითარებაში დამწვარი შენობა დემონტაჟის შემდგომ აღარ აღდგენილა.
არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ისტორიული ძეგლის განადგურების პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება თავისუფლების მოედნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, ტაბიძის და ლეონიძის ქუჩათა გადაკვეთაზე მდგომ შენობის შემთხვევასაც. ნაგებობით დაინტერესებული მხარის (ბანკი რესპუბლიკა/სოსიეტე ჟენერალის მფლობელი ლ. პაპაშვილი) წინააღმდეგ მიმართულმა საპროტესტო აქციებმა საქმის განვითარებაზე ვერ იქონია გავლენა. პოლიტიკური ძალების მფარველობამ თავისი გაიტანა: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ჩამორთმეული შენობა ბანკის ახალი ნაგებობით შეიცვალა. თუმცა პაპაშვილის სასარგებლოდ, უნდა ითქვას შემდეგი: საზოგადოებრივი პროტესტის გავლენით და არსებულ კანონთან გარკვეული შესაბამისობით, მან თავდაპირველი პროექტი თავისუფლების მოედნის ანსამბლისთვის ნაკლებ კონტრასტული ვარიანტით შეცვალა. შედეგად, ანსამბლის ვიზუალური შეფარდებები მეტ-ნაკლებად დაცულ იქნა.
გ. ლეონიძის ქუჩა № 2-ში განვითარებული მოვლენების შესახებ ინტერნეტ-პეტიციის სახით პირველად ითქვა გლობალურ სივრცეში. თუმცა ისტორიული თბილისის განაშენიანებაში კანონდარღვევათა წინააღმდეგ ის არ წარმოადგენდა საჯარო პროტესტის პირველ შემთხვევას ხელოვნებათმცოდნეთა ჯგუფი, გადავარჩინოთ მეტეხის კლდე!, 24 საათი, 2008, 27 მარტი, № 70; მარიამ გაჩეჩილაძე, გადავრჩინოთ მეტეხის კლდე!, 24 საათი, 2008, 11 აპრილი, № 24 . მეტეხის კლდის ისტორია სპეციალისტთა და ქალაქის მთავრობის წარმომადგენლებს შორის მწვავე დაპირისპირების ფონზე წარიმართა, საბოლოოდ, მიღებულ იქნა ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილებაც, მაგრამ თბილისის უნიკალური გეოლოგიურ-ურბანული ლანდშაფტის დაზიანებამ მაინც გამოუსწორებელი ხასიათი მიიღო.

7

არსებული შემთხვევების მიუხედავად, საჯარო კრიტიკა ქალაქის მართვის იდეოლოგიაში ჭეშმარიტად აქილევსის ქუსლადაა ქცეული. დედაქალაქის ურბანული გარდაქმნის თანამედროვე ისტორია გარდა სამთავრობო-სახელისუფლებო სექტორისა, მოიცავს თბილისის არქიტექტურის სპეციალისტთა პროფესიულ რიგებსაც, რომელთა თანამონაწილეობა მიმდინარე მტკივნეულ პროცესებში არანაკლებ საპასუხისმგებლოა. არქიტექტურულ საბჭოებზე გატანილი პროექტები, რომელთა დიდი ნაწილი კერძო განხილვებში და სუბიექტურ მოსაზრებებში გამართლებას ვერ პოულობს, საბოლოოდ მაინც დამტკიცებული სახით რეალიზდება. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ გარეშე დამკვირვებელს მიღებულ შედეგებთან დაკავშირებით ეჭვი უჩნდება და პროფესიულ საზოგადოებას არადამაჯერებელ და უპრინციპო ქმედებაში სდებს ბრალს. შეიძლება თუ არა ასეთ შემთხვევაში ёორმაგ სტანდარტზე“ და „ხელის გასვრაზე“ ანუ ოფიციოზთან დაპირისპირების არიდებაზე საუბარი, თუ ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ მართვის ბერკეტები „სხვის ხელშია“ და უნაყოფოა წინააღმდეგობის გაწევა?!
პასუხისმგებელი მხარის გამოაშკარავება შექმნილ დილემას ვერ გადაჭრის, რადგან პრობლემა არა კონკრეტულ პიროვნებასა თუ ჯგუფში, არამედ საერთო მსოფლმხედველობით სიტუაციაში მდგომარეობს, რადგან ორივე, დაპირისპირებულად მოაზრებული მხარე, თან დამნაშავეა, თან არა. პოლიტიკური, მმართველი მხარე პროფესიონალთა რეკომენდაციებზეა დამოკიდებული. მაგრამ ურთიერთთანამშრომლობის ეს ლოგიკური პროცესი სრულიად არ ნიშნავს ქალაქმშენებლობითი სირთულეების მარტივ და სანდო მოგვარებას. თვით პროფესიონალთა კოლექტივია არათანმიმდევრული, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგო არქიტექტურული იდეებით საკუთარ წიაღშიც ვერ ახერხებს შეთანხმებას, რაც შესაბამისად აისახება დამკვეთი მხარის, პოლიტიკური თუ ფინანსური წრეების, არათანმიმდევრულ ქმედებებშიც. შედეგად კი ჩნდება ურთიერთდადანაშაულებით თავის მართლება, რაც სინამდვილეში პარტნიორული ურთიერთობების მიღმა ქედმაღლური დამოკიდებულების არსებობას და თანამშრომლობის ნაკლებ სურვილს მოწმობს. საბოლოოდ კი, ცნობიერი ფონის გადაფასების და გადასინჯვის აუცილებლობამდე მივდივართ.
მოძველებული კანონის გამო, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნით დემონტაჟის საფრთხე შეექმნა ე. წ. იმელის (ა. შჩუსევი, 1938 წ., შ. რუსთაველის გამზირი, № 29) და გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ რედაქციის (დ. ჩისლიევი, 1930 წ., შ. რუსთაველის გამზირი, № 42) შენობებს. თბილისის არქიტექტურულ ლანდშაფტში „სტალინური ამპირის“ და კონსტრუქტივიზმის საუკეთესო ნიმუშები სახელმწიფომ კერძო ინვესტორებზე გაყიდა. ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის, იგივე „იმელის“ შენობის, ურბანული ღირებულებებით რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო ჯგუფი დაინტერესდა. მათ შორის მსოფლიო კლასის სასტუმროთა ქსელი – კემპინსკი. უახლოეს მომავალში „იმელის“ მონუმენტურ-პომპეზური პროექტს საბჭოთა ეპოქის მოგონებიდან თანამედროვე სასტუმროთა კოსმოპოლიტურ ალიანსში გადანაცვლება მოუწევს. ეს გარემოება, ქალაქის ეკონომიკური წინსვლისთვის დამაჯერებელი არგუმენტია. მაგრამ, საკითხავია, რამდენად გამართლებულია ისტორიის, თუნდაც ოდიოზური საბჭოთა შემთხვევის, მსგავსი ჟესტებით იგნორირება.
2009 წლის გამორჩეულად სკანდალურ გამოწვევას უკანონო მშენებლობათა რიგში მირზა-შაფის შემთხვევა წარმოადგენს. მოვლენა, რომელმაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა თბილისის ისტორიულ პანორამას, დღემდე რეალიზაციის პროცესშია. ისტორიული განაშენიანების უხეში ხელყოფის შემთხვევები ქართულ სინამდვილეში სამართლიანობის პრონციპთა ქმედითობას არაუკანასკნელად აბათილებს. ქალაქის განვითარების სახელით კერძო ინტერესების დაკმაყოფილება და საქალაქო რესურსების პარაზიტული მოხმარება, სავსებით ლოგიკურად, მთელ რიგ სპეციფიკურ კონფლიქტებს უხსნის პირს.
მიმდინარე წელს, ქალაქის სარესტავრაციო სივრცეს შეუერთდა თბილისის მერიის მიერ ინიცირებული და ნაწილობრივ უკვე განხორციელებული - ისტორიული ქვემო კალის და აღმაშენებლის პროსპექტის - რეაბილიტაციის პროექტები. ეს სახელმწიფოებრივი ინტერესის პირველი მასშტაბური ღონისძიებებია. იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად, ევროპული დედაქალაქების და მსოფლიო პოლისების წაბაძვით, რომლის სურვილიც არაერთხელ დადასტურდა ქართულ სამშენებლო რეალობაში, მაინცდამაინც არ შევბღალავთ თბილისის ისტორიულ სახეს და განუმეორებლობას. საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა ხომ უფრო ღირსეული საქმეა... თუ პოსტმოდერნულად მონათლულ ეპოქაში, როდესაც ინდივიდუალიზმი და უნიკალურობა წარსულს ჩაბარებულად აღიქმება Jamerson F. R., Postmodernism and Consumer Society, The Anti-Aesthetic, NY,The New Press (1998), 135. , არაა ეს საკმარისი?!
აღნიშნული სამშენებლო დარღვევები თბილისის ისტორიულად ავთენტური გარემოს იდენტურით ჩანაცვლების წინაპირობა ხდება. ასეთი პერსპექტივების შემთხვევაში, კულტურული მეხსიერება ბიზნეს-დაპროგრამების რეგისტრზე დაიწყებს გადასვლას. ისტორიული უბნების უძველესი ვიტალური იმპულსების გაუფერულება ქალაქმშენებლობითი ბაზის მოდიფიცირებას გამოიწვევს და საოფისე-სავაჭრო რეჟიმებზე გადართულ კულტურულ ზონებში ახალ ურბანულ ღირშესანიშნაობებს დაუდებს სათავეს. „დაკონსერვებული“ კულტურული მემკვიდრეობა ზედმეტად ძვირი და ხანგრძლივი სიამოვნებაა ქალაქის ბიუჯეტისათვის, ამიტომაც მას ან სწრაფი რეკონსტრუქციის ეფექტურობას, ან კიდევ თანამედროვე სამშენებლო მასალით დადგმულ კომპილაციებს ამჯობინებს. ხის და აგურის ფაქტურას, ძველ თბილისურ მოტივებზე აშენებულ სახლებში, უხეშად ენაცვლება რკინის არმატურა და ბლოკით ნაგები კედლების შეღებილი ფასადები. ამ ახალი პროექტების უჩვეულო პომპს და სიჭრელეს არაერთგვაროვანი და ხელოვნური განწყობა შეაქვთ დაცვით ზონებში (ბეთლემის ქუჩა, № 28). სავსებით მოსალოდნელია, რომ მომავალი თაობები ხელოვნურად კონსტრუირებულ ძველ თბილისს „ზომბირებული“ ისტორიით გაეცნობა.
აღნიშნული ტენდენციები იმ უხეში პოლიტიკის გამოძახილია, რომელიც დღევანდელ საქართველოში კულტურის გაყიდვას წარმართავს. ხელოვნება მხოლოდ ესთეტიკური ფუნქციის არეალში მოიაზრება, რაც მისი ეკონომიკური პოტენციალის გამომზეურებას აბრკოლებს. ადრე თუ გვიან ქართველი ინვესტორებისთვის გასაცნობიერებელია, რომ თბილისის რესტავრაცია-რეგენერაცია არა ფინანსური რისკის მომცველი, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური რესურსია კულტურული ტურიზმის ხელშეწყობისათვის და უცხოური ინვესტიციების წახალისებისათვის.
ძველ თბილისში საცხოვრებელი სახლებისგან განტვირთვის ტენდენცია და ტერიტორიის რეკრეაციული ფუნქციით განვითარება (რიყის რეაბილიტაციის პროექტი) კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქალაქთა სტანდარტული გამოცდილებაა. თბილისის ტურისტული პერსპექტივების ეფექტურობა დიდწილადაა ამ ურბანულ სტრატეგიაზე დამოკიდებული. მაგრამ ქალაქგეგმარების ერთიანი კონცეფციის არარსებობის გამო ეს პროცესი სერიოზული კანონდარღვევებით მიმდინარეობს. სანამ თბილისის განვითარების ამ ფუნდამენტურ პრობლემას გადაწყვეტენ, რისკის ფაქტორი პროგრესულად მატულობს სუსტი ინფრასტრუქტურის და ძლიერი ავარიულობის რაიონებში.
ისტორიული ხარფუხის დასახლება ამ მხრივ, „ურბანული გენოციდის“ მოლოდინშია. ტოპონიმი „ძველი ქალაქი“ თითქმის აღარ შეეფერება უბნის რიგ ტერიტორიებს. ადგილობრივი ირეგულარული გეგმარება, საცხოვრისის ღია სივრცითი ორგანიზაცია, კიდული აივნებისა და შიდა ეზოების ინტიმური შარმი მკაცრი გეომეტრიული კონფიგურაციის ყრუდ მოსაზღვრული რეზინდენციებით იცვლება. ტერასული განაშენიანების პრინციპი ახალ მშენებლობებშიც გრძელდება. მაგრამ ლოკალურ გარემოსთან მიმართებაში, აშკარად ირღვევა მასშტაბური შეფარდების, სიმაღლეთა კონტროლის და ფენესტრაციის დაცულობა. კანონდაღვევების კლასიკად იქცა უნებართვოდ დაშენებული და ზომებში გაბერილი მანსარდები. ნიმუშების რიცხვი არასასიამოვნოდ მატულობს: „ტიფლის კლაბ“ - გორგასლის 3/5, მრავალფუნქციური ნაგებობა – ცურტაველის ქუჩა № 2, მრავალბინიანი საცხორებელი სახლის მშენებარე პროექტი – ფირდოუსის ქუჩა № 5, მშენებარე საცხოვრებელი სახლი - ბერძნის ქუჩა № 39 და სხვ. ისტორიული ზემო კალას პარალელებიდან გამოირჩევა ი. და ნ. ნაკაშიძეების ქუჩის № 32-ში მდებარე ხუთსართულიანი კორპუსი, რომელიც ნ. ბარათაშვილისა და კ. ლესელიძის ქუჩათა შორის მოქცეულ ორსართულიან განაშენიანებაში უსახურად არტიკულირებს და დასახლების ვიზუალურ, კონსტრუქციულ ჰომოგენურობას ბღალავს.
ძველ თბილისში მოქმედი მშენებელი კომპანიები კლიენტურის მისაზიდად უნიკალური ადგილმდებარეობით და შთამბეჭდავი ხედებით მანიპულირებენ. ბიზნეს-ოპერაციებს ერთვის მომხმარებლის გემოვნების ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ათვისებული ტერიტორიების ურბანულ იერსახეს სწორედ დამკვეთთა გემოვნება განსაზღვრავს, რომელიც არცთუ ხშირად, შემოქმედებით პროექტებს იმიტაციურს ამჯობინებს. ახალი მშენებლობების არქიტექტურული ღირსებები, მათი არსებობის შემთხვევაში, მომენტალურად ბათილდება ისტორიული გარემოს თვითმყოფადობის შელახვის ფონზე. ყოველ ისტორიულ უბანს საკუთარი მორფოლოგიური ტრადიციები და ორგანულობის კოეფიციენტი აქვს. ქალაქის დაძველებული ურბანული ქსოვილის განახლების საჭიროება აქსიომაა. მაგრამ ისიც აშკარა უნდა იყოს, რომ ხარფუხის XIX საუკუნის დროინდელ განაშენიანებაში არ შეიძლება ვაკე-საბურთალოს დაშენება. თუმცა, ქართული კომპლექსების პირობებში, ტურისტულ მექად ქცეული კულტმემკვიდრეობის ზონები, სნობური ელიტარულობისაგან მაინც არაა დაზღვეული.
საქალაქო ინფრასტრუქტურის შეცვლა საგრძნობლად ცვლის კონკრეტული ტერიტორიის მნიშვნელობას, რადგან იზრდება მისი ექსპლუატაციის ხარისხი და ურბანული ფასეულობა. ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები კი, ეჭვგარეშე, პოლიტიკური პროცესია Вагин В., Социология Города, http://www.gumer.info/bibliotek_Buks/Sociolog/Vagin/index.php . საბჭოთა პერიოდში გადუჭრელი დარჩა ქალაქის ისტორიული ნაწილის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხი. კომპარტიულ წრეებში თბილისის ურბანული გადაფასების ფარულ პოლიტიკას ჰქონდა ადგილი - 1940-იანი წლებიდან ქალაქის დაძველების გეგმა არსებობდა თბილისის არქიტექტურის ცნობილ მკვლევარს, ირაკლი ციციშვილს, დიმიტრი თუმანიშვილთან პირად საუბარში hqonda aRniSnuli _ n. W. , ანუ, როდესაც ბუნებრივი ნგრევის შეგნებული შეფერხება ხდება. ფაქტია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვით ზონებში 1952 წლიდან სადრენაჟო არხები არ გაწმენდილა. დღეს კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით არსებობს დილემმა: ინფრასტრუქტურის მოწყობა თუ უბნის რეაბილიტაცია?!
ძველ ქალაქში მოსახლეობას საკუთარი საცხოვრისის ტექნიკური გამართულობა უფრო აღელვებს, ვიდრე მისი არამატერიალურ ღირებულებათა ჩამონათვალი, რომელიც დღევანდელ სიტუაციაში არავითარ სარგებელს აძლევს ბინის მეპატრონეს. ეს ბუნებრივი ადამიანური მოთხოვნილებაა, რომლითაც, საბოლოო ჯამში, ინვესტორები სპეკულირებენ. კანონი, თავის მხრივ, დედაქალაქის ურბანული ფასეულობების დაცვის პრიორიტეტულობას უსვავს ხაზს. მოქალაქეთა და სახელმწიფოს ინტერესების ამ უხერხულ დაპირისპირებას დელიკატური მიდგომა ჭირდება. კეთილმოწყობილი „აბაზანა-ტუალეტის“ პრობლემა და ინვესტორთა დღევანდელი მოგების სურვილი სასწორზე დებს მომავალი თბილისის ისტორიული ქსოვილის თვითმყოფადობას. ჩვენში ჯერ კიდევ გასაცნობიერებელია კულტურული მემკვიდრეობის რაობა, მისი მოვლისა და დაცვის პასუხისმგებლობა. უტილიტარული საფუძველი მნიშვნელოვანია, მაგრამ ქალაქის განვითარების შორეულ პერსპექტივში იდენტურობის შენარჩუნების საკითხი უმნიშვნელოვანესია.
დღევანდელობის შენების პათეტიკა პარადოქსულად უთანხმდება ნგრევის იდეოლოგიას. ხელისუფლება „მომავლის თბილისის“ ეგიდით მსოფლიო პრიორიტეტების ადაპტირებას ცდილობს და ქალაქში მასშტაბურ ცვლილებებს ხელს უწყობს. ამიერკავკასიის მეგაპოლისად დასახული თბილისი, მისი მინის პალატიანი სავჭრო და ბიზნეს-ცენტრები, მრავალსართულიანი შენობების მანია და სწრაფი მოგების მოლოდინში ყადაღა-დადებული ისტორიული უბნები პოსტ-საბჭოთა პერიოდის საქართველოს თვითდამკვიდრების ამბიციაა. ასეთ სულსწრაფ პერიოდში, ადვილია საკუთარი იდენტურობის დაკარგვა. რეალურად, თბილისის მორფოლოგიური ფორმირების ახალ, თანამედროვე ეტაპზე კულტურული მეობის შენარჩუნება უმთავრესი პრობლემაა. სწორედ, ამ ცნობიერი ფონიდან გამომდინარეა უკანონო მშენებლობების სინამდვილე. თუმცა, ქართული მენტალური ფენომენის ნაწილად, ლ. ბერძენიშვილის თანახმად, სახელდება კანონდაუმორჩილებლობაც. გამოდის, რომ დღევანდელი კვერცხს გაჭირვებით დავთმობთ ხვალინდელი ქათმის სანაცვლოდ და უკანონო მშენებლობების თემასაც ქართული საზოგადოება არაერთხელ მიუბრუნდება, ხოლო დედაქალაქის მთავრობა თანამედროვე თბილისის გარდაქმნის გზას „ხელოვნებასთან“ და მაღალ კატეგორიებთან კავშირში ისევე თავმომწონედ დაგვისურათებს, როგორც თითქმის საუკუნის წინანდელი წერილი საბჭოთა ჟურნალიდან.

„მშენებლობა ხელოვნების გზით“ „მშენებლობა ხელოვნების გზით“, კასრაძე დ. მშენებლობა ხელოვნების გზით, საბჭოთა საქართველო, 1938, № 4, 29. ანუ თბილისის რეკონსტრუქციის მგრძნობიარე საკითხები

ნანახია: 30723-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani