Georgian (Georgia)English (United Kingdom)
თბილისი 1910-1921 წლებში (კულტურული ცხოვრების ისტორიული მიმოხილვა) Array ბეჭდვა Array

მზია ჩიხრაძე

მეოცე საუკუნის 10-20-იანი წლების თბილისის კულტურული ცხოვრება მნიშვნელოვანი მოვლენაა ახალი ქართული ხელოვნების ისტორიაში. იმ დროისათვის ქართულ დაზგურ ფერწერას არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია ჰქონდა, საქართველოში ჯერ კიდევ მოღვაწეობდნენ მხატვრები, რომელთა შემოქმედებაც რუსულ პერედვიჟნიკურ ტრადიციებს ეყრდნობოდა , მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართული ხელოვნება მაინც მზად აღმოჩნდა იმისათვის, რომ კარი გაეღო ახალი მხატვრული მიმდინარეობისათვის და თავის კულტურულ ნიადაგზე ეცადა თანამედროვე ევროპული თუ რუსული ხელოვნების მიღწევების გადმოტანა.
უკვე 1910-იანი წლების ბოლოს თბილისს აქტიური მხატვრულ-ლიტერატურული ცხოვრება ჰქონდა. მრავალი მხატვრული გაერთიანება და წრე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში. მათ შორის იყო: „ნატიფი ხელოვნებების კავკასიური საზოგადოება“, გაერთიანება „მალი კრუგ“, „ქართველ მხატვართა საზოგადოება“, „სომეხ მხატვართა კავშირი“, „ფუტურისტთა სინდიკატი“ და მრავალი სხვა. ფუტურისტულ მოძრაობას სათავეში ძმები ილია და კირილე ზდანევიჩები ედგნენ, ისინი ავანგარდისტულ იდეებს 10-იანი წლების დასაწყისშივე ეზიარნენ. ამავე წლებშია შესრულებული დავით კაკაბაძის პირველი ავანგარდული ნამუშევრები „დაკრძალვა იმერეთში“, „კუბისტური ავტოპორტრეტი“

1-

და ზიგა ვალიშევსკის „დაძრული სახლები“ (1912 წ.), ანუ საქართველოში ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრები ახლის ძიებაში იყვნენ და ევროპული თუ რუსული თანამედროვე ხელოვნების შემოქმედებითად გააზრებას და ადგილობრივ ნიადაგზე გადმოტანას ცდილობდნენ.
XX საუკუნის დასაწყისში რუსეთმა ორი რევოლუცია გამოიარა, მაგრამ მიუხედავად დიდი პოლიტიკური კატაკლიზმებისა, 10-იან წლებში იქ მხატვრულ-კულტურული ცხოვრება მაინც დუღდა, ყველგან შემოქმედებითი ატმოსფერო ტრიალებდა. მხატვრულ ცხოვრებაში მიმდინარე უამრავ მოვლენათა შორის გამოირჩეოდა 1911 წელს პეტერბურგში არტისტული კაფე-კლუბის „ბროდიაჩაია სობაკას“ გახსნა, რომელიც რუსეთის შემოქმედებითი საზოგადოების შეხვედრების ადგილად, მათ „სახლად“ იქცა. რუსული არტისტული კაფეები პარიზული კაფეების გავლენას განიცდიდა. რუსული კაფეების წინამორბედთა შორის იყო, მაგალითად, პარიზული   „Chat Noir“ („შავი კატა“). კაფე 1881 წელს დააარსა მხატვარმა რუდოლფ სალისმა და მოხატა მხატვარმა თეოფილ სტეინლენმა „შავი კატის“ ხშირი სტუმრები ყოფილან ცნობილი მხატვრები, კომპოზიტორები, მსახიობები.

2

იქ ხშირად უკრავდა თურმე ცნობილი კომპოზიტორი კლოდ დებიუსი... პარიზში სხვა არტისტული კაფეებიც იყო, მაგალითად „Lapin Agile“ („ცელქი ბაჭია“). როგორც ისტორია იუწყება, „ბროდიაჩაია სობაკა“ ძალიან ჰგავდა ამ კაფეს, მაგრამ მათ შორის განსხვავებაც დიდი ყოფილა. Парнис, А., Тименчик, Р.,  Программы Бродячей собаки, Памятники культуры, Ленинград, 1983 gv. 160
კაფე-კლუბ „ბროდიაჩაია სობაკას“ მხატვრულ ცხოვრებაზე საკმაოდ ამომწურავ ინფორმაციას იძლევიან ა. პარნისი და რ. ტიმენჩიკი, თავიანთ ნაშრომში „პროგრამი ბროდიაჩეი სობაკი“, რომელიც დაიბეჭდა კრებულში „პომიატნიკი კულტური“. აღნიშნულ მასალაზე დაყრდნობით შევეცდებით წარმოვადგინოთ აღნიშნული ლიტერატურული კაფეს და მის გარშემო მიმდინარე კულტურული ცხოვრების მეტ-ნაკლებად ცოცხალი სურათი.   
პეტერბურგის „სარდაფის“ (ასე უწოდებდნენ „ბროდიაჩაია სობაკას“) გახსნის ისტორიას ბ. პრონინი ასე იხსენებს: „სობაკა“ მთლიანად მე მოვიგონე. გამიჩნდა აზრი, რომ უნდა შევქმნა რომანტიკული სამიკიტნო, სადაც ჩვენ ყველანი, „მოხეტიალე ძაღლები“, თავს შევაფარებდით, იაფად ვჭამდით და ვიქნებოდით საკუთარ ჭერქვეშ... შემდეგ ეს იდეა გავუზიარე ი. ა. საცს, ს. იუ.  სუდეიკინს, ნ. ნ. საპუნოვს, ვ. ე. მეიერხოლდს... მთელი 1911 წლის ბოლოს დავრბოდი პეტერბურგში და როგორც იქნა წავაწყდი იდეალურ შენობას: კუთხის სახლი მიხაილოვსკის თეატრის გვერდით...“ იქვე, გვ. 162

34

სწორედ ბ. პრონინისა და ნ. საპუნოვის თაოსნობით გაიხსნა კაფე-სარდაფი „ბროდიაჩაია სობაკა“. ხოლო 1916-1919 წლებში ბ. პრონინი მეორე თეატრ-კაბარეს „პრივალ კომენდიანტოვ“-ს ხელმძღვანელობდა. ეს კლუბიც დიდ როლს თამაშობდა პეტერბურგის მხატვრულ ცხოვრებაში. „ბროდიაჩაია სობაკა“ იქცა ისეთ კაბარედ, სადაც შემოქმედებითი საზოგადოება თავად იყო მონაწილეც და მაყურებელიც. მისი სტუმრები იყვნენ ვ. მაიაკოვსკი, ა. ბლოკი, მ. გორკი... კაფეში ბლოკის მეუღლემ ბევრჯერ წაიკითხა ა. ბლოკის პოემა „დვენადცატ“. აქ გამოდიოდა ა. ლუნაჩარსკიც, აქვე მოეწყო ა. ბლოკისა და ვ. მაიაკოვსკის ერთობლივი ერთადერთი პოეზიის საღამოც. კაფესთან კიდევ მრავალი საინტერესო ფაქტია დაკავშირებული. „ბროდიაჩაია სობაკას“ ლიტერატურული ისტორია ძალზე საინტერესოა. მან დიდი როლი ითამაშა ისეთი ადამიანების შემოქმედებით ცხოვრებაში, როგორებიც იყვნენ ალექსეი ტოლსტოი, ვლადიმერ მაიაკოვსკი, მაქსიმ გორკი, ველიმირ ხლებნიკოვი, ანა ახმატოვა, თამარა კარსავინა, ნიკოლაი საპუნოვი, სერგეი სუდეიკინი, ვსევოლოდ მეიერხოლდი, ალექსანდრ ტაიროვი, სერგეი პროკოფიევი, ევგენი ვახტანგოვი, კუზმა პეტროვ-ვოდკინი, ივან ფომინი და მრავალი სხვა. ჩვენ კაფეს ცხოვრებიდან მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდზე შევჩერდებით და ვეცდებით დავხატოთ ის სურათი, რაც იმდროინდელ „ბროდიაჩაია სობაკაში“ სუფევდა.

5

რუსეთის ლიტერატურის ისტორიაში აღინიშნება ის ფაქტი, რომ 1912  წლის 17 ნოემბერს, „სობაკაში“ მოუწყვიათ ვ. მაიაკოვსკის ლექსების „პოშოჩინა ობშესტვენნომუ ვკუსუ“ პირველი საჯარო კითხვა, დაბეჭდვამდე ერთი თვით ადრე. მაგრამ კაფეს სტუმრები განსაკუთრებით იმ საღამოს იხსენებენ, როდესაც მაიაკოვსკიმ აქ თავისი ლექსი „ვამ!“ წაიკითხა. ამ მოვლენას ლამის კაფეს დახურვაც მოჰყვა თურმე. „საღამოს, - იხსენებს პრონინი, - ესწრებოდნენ ტეფი, გუმილიოვი, ახმატოვა, კუზმინი, ვენგეროვა, იავორსკაია და პეტერბურგის მცირე თეატრის მთელი არტისტული სამყარო. მაიაკოვსკიმ თხოვნით მომმართა – „ბორიჩკა, ნება დამრთე გავიდე ესტრადაზე, მე გავაკეთებ „ეპატეს“ და ცოტა შევაჯანჯღარებ ამ ბურჟუებს!“ ის გრძნობდა, რომ არ უყვარდათ და ესტრადაზე არ აუშვებდნენ, რომ მხოლოდ მე და კულბინი ვიყავით მისი გულშემატკივრები, ეს მისი ტრაგედია იყო...“იქვე, გვ. 162

6

როცა ვ. მაიაკოვსკის თავისი „ვამ!“ წაუკითხავს, მსმენელთაგან ზოგს გული წასვლია, ზოგი ისტერიკაში ჩავარდნილა. ვიღაც ქალმა დაუყვირა თურმე პოეტს: „რატომ არ ხართ ფრონტზე?“ რაზეც ვ. მაიაკოვსკიმ უპასუხა: „რადგანაც პოეტის კალამი ისევე სჭირდება სამშობლოს, როგორც ჯარისკაცის შუბი“. მაშინ ქალმა წამოიძახა: „ოღონდ არა თქვენი კალამი“. რაზეც მაიაკოვსკიმ უპასუხა: „ამის შესახებ თქვენთან საუბარს აზრი არ აქვს, ქალბატონო, რადგან თქვენთვის კალამი [იგულისხმება ბატის ფრთისგან დამზადებული კალამი] მხოლოდ შლიაპაზე არსებობს.“ იქვე, გვ. 162
აუდიტორიას ძალიან უცნაურად მოჩვენებია, რომ მაიაკოვსკის მხარი დაუჭირა მრავალი ისტორიული რომანის ავტორმა, დიდად განსწავლულმა, 80 წელს გადაცილებულმა კნიაზმა – მიხეილ ვოლკონსკიმ, რომელიც სცენაზე ასულა და განუცხადებია, რომ მისთვის გაუგებარია საზოგადოების აღშფოთება, რადგანაც ცხადია, რომ ამ უცნაური ფორმისა და უცნაური პოეტური ძალის ლექსის ავტორი ჭეშმარიტად ნიჭიერი და საინტერესო პოეტიაო. იქვე, გვ. 162
ბ. პრონინი კაფეს ცხოვრებიდან ერთ კოლორიტულ ეპიზოდსაც იხსენებს. ფუტურიზმის ფუძემდებლის, ფილიპო ტომაზო მარინეტის საპატივცემულოდ გამართულ საღამოზე გამთენიისას, დილის 5 საათზე კაშნე, კეპსა და პიჯაკში გამოწყობილი საშა ორლოვი შესულა კაფეში. ზ. ციბულსკის (კომპოზიტორი, იგივე გრაფი კონტრერი) რუსული მუსიკა აუჟღერებია როიალზე. ორლოვი ცეკვით მისულა ერთ-ერთ მაგიდასთან და ყველასთვის მოულოდნელად ზედ მაგიდაზე აღმოჩენილა, სადაც მას რუსულის ცეკვა გაუგრძელებია.  ციბულსკიმ ტემპს უმატა თურმე, საშა კი ქარბუქივით ტრიალებდა. როცა ცეკვა დამთავრებულა, აღელვებულ მარინეტის უკითხავს, თუ ვინ იყო ეს ადამიანი და როცა გაუგია, რომ ის საიმპერატორო ბალეტის თეატრის მსახიობი იყო, უთქვამს: „ო, ახლა მე მესმის, თუ რა არის რუსული ტროიკა და სტეპი. იქვე, გვ. 162

7

კაფეში გამეფებულ ასეთ არაჩვეულებრივ ატმოსფეროს კედლების მოხატულობაც ხელს უწყობდა. აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სერგეი  სუდეიკინი, ნათან ალტმანი, ალექსეი რადაკოვი, ბორის გრიგორიევი, ნიკოლაი კულბინი, გიორგი ვერეისკი, იური ანენიკოვი და სხვები აქ ხატავდნენ უამრავ შარჟს, ჩანახატს, თეატრალიზირებული საღამოებისთვის ესკიზებს... მაგალითად, 1914 წლის 3 იანვარს მოწყობილი საღამო „სობაჩაია კარუსელ“ მხატვარ სერგეი სუდეიკინს და მხატვარსა და ხელოვნების კრიტიკოსს ალექსანდრე შერვაშიძეს გაუფორმებიათ.  
თავად სარდაფის მოხატვაში დიდი როლი ითამაშა ნიკოლაი საპუნოვმა, რომელიც კაფეს პირველივე სეზონის შემდეგ ტრაგიკულად დაიღუპა (1912 წ-ს დაიხრჩო). კაფეს ძირითადი მოხატულობა კი სერგეი სუდეიკინმა შეასრულა, რომელმაც 1911-დან 1912 წელს გარადამავალ ერთ ღამეში შექმნა „ბროდიაჩაია სობაკას“ თითქმის მთელი მხატვრობა. გადმოცემით აქ დახატული იყო პიერო და პიერეტა, არლეკინი, დონ კიხოტი თავის როსინანტთან ერთად, სიუჟეტები ყველა დროის ფანტასტიკური რომანებიდან, უამრავი სხვადასხვა ორნამენტი და მრავალი სხვა.
ორი დიდი კედელი მ. კულბინს მოუხატავს. მისი და ს. სუდეიკინის მხატვრობა საოცარ შთაბეჭდილებას ახდენდა თურმე. ფანტასტიკური კაშკაშა ფერები, უცნაურად დეფორმირებული ფიგურები, ქალები, ჩიტები, ზანგები, შიშველი ვენერა ზურგით, არაჩვეულებრივი ფერთა შეხამებები – თითქოს ყველაფერს „აღმოსავლეთის, სპარსეთის სურნელი ასდიოდა.“ იქვე, გვ. 162  სუდეიკინის მხატვრობამ ჯერ კიდევ “ბროდიაჩაია სობაკას” არსებობის დროს დაკარგა თავისი სიკაშკაშე. ზოგიერთ ნაწილს თურმე დროდადრო ხელახლა ხატავდნენ. კაფეს დახურვის შემდეგ (1915 წლის 3 მარტს ქალაქის მმართველობის განკარგულებით, ვითომდა ღვინით უკანონო ვაჭრობის გამო, „სობაკა“ დაიხურა, შემდეგ კი ვალების გამო აუქციონზე გაიყიდა), მხატვრობაც დროთა განმავლობაში განადგურდა.
ოქტომბრის რევოლუციამ და სამოქალაქო ომმა საფუძველი დაუნგრია რუსეთის ბოჰემურ ცხოვრებას. იქაური ინტელიგენცია და არისტოკრატია „დამსხვრეული ოცნებებითა და გაურკვევლობის ბინდით მოცული მომავლის იმედებით“ ცივი რუსეთიდან თავისუფალი საქართველოსკენ გამოემართნენ.
1922 წელს ტიციან ტაბიძე გაზეთ „ბარიკადში“ წერდა: „რუსეთი სამი წლის წინ – ეს იყო რაღაც ფანტასმაგორია. მართლა ასტრალური მტვერი გაყინულ სიცივით სთოვდა მაშინ რუსეთში. სამოქალაქო ომის განადგურება, ჩრდილოეთ პოლუსის ოკეანის სიცივე, შიმშილი დასული მისტერიამდე და სისხლიანი „ჩეკა“. გადმოცვენილი ემიგრანტები რაღაც არა ადამიანური ტერორის ქვეშ მთელი არსებით გამოთქვამდნენ რაღაც გაუმეორებელს...
კულტურული ადამიანები კოცნიდნენ მიწას ჩვენი თვალის წინ თბილისში და სტიროდნენ, როცა ხედავდნენ ელექტრონის სინათლეს...
ყველაზე უფრო... ვასილი კამენსკი სტიროდა კაფეში, როცა გრძნობდა სითბოს ჟრუანტელს და დაუსრულებლად რუსული ხლისტური სიმართლით ჰყვებოდა ამბებს მოსკოვის კოშმარზე, სიცივეზე, როცა ადამიანი ცხოველზე უფრო დაბლა გრძნობს თავს.
მაშინ ჩვენ გვესმოდა ეს ფრაზა, რომელიც შემდეგ ერთმა ახალგაზრდა პოეტმა გამოიტანა პრაგაში. აკადემიკოსი პოეტი ივანე ბუნინი – ამთქნარებს და ამბობს – ღმერთო, დამსვა ერთი მაინც საქართველოში.
აქედან წარმოსდგა ლეგენდა საქართველოს ოაზისობის, აქედან განმეორდა ბიბლიური ლეგენდა, რომ სამოთხე უნდა ყოფილიყო ევფრატის გადმოღმა.“ ტაბიძე, ტ., ქიმერიონი, გაზეთი ბარრიკადი, 1922, 22 იანვარი
საქართველოს კულტურულ ცხოვრებას მაშინ წინ „ცისფერი ტაძრისკენ“ მიმავალი „ცისფერყანწელები“ მიუძღოდნენ. ეს ნიჭიერი, პოეტური ახალგაზრდობა გაოცებული აუდიტორიის წინაშე უცნაური ნიღბებით წარსდგა. არლეკინებისა და პიეროების სამოსელში გამოწყობილი უაღრესად მგრძნობიარე, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდობა ნიღბების ქვეშ იმალებოდა და ამ ხელოვნური, არაბუნებრივი გრიმასებით ცდილობდა გადმოეცა, როგორც გურამ ასათიანი წერდა: „ნამდვილი პოეტების ნამდვილი ტკივილები, მწვავე შინაგანი დრამა, ნამდვილი სიყვარულისა და შთაგონების ნიჭი...“ ასათიანი, გ., თანამდევი სულები, თბილისი, 1983
ცისფერყანწელები მხატვრებთან, პოეტებთან, მსახიობებთან ერთად ხშირად იკრიბებოდნენ კაფეებსა და კლუბებში. ამ დროს თბილისში, სანკტ-პეტერბურგის მსგავსად, უკვე არსებობდა არტისტული კაფეები და თეატრებისა და გამომცემლობების გარეთ არტისტული ცხოვრება სწორედ კაფეებში ჩქეფდა. ეს კაფეები პეტერბურგის კაფე-კაბარეების კვალდაკვალ გაიხსნა, მაგრამ მათ ადგილობრივი საფუძველიც ჰქონდა. ეს იყო XIX ს-ის საქართველოში ასე ფესვგადგმული საოჯახო სალონების (მაგ. მაიკო ორბელიანის, ჭავჭავაძეების და სხვათა სალონები) და საოჯახო თეატრების (მაგ. თუმანიშვილების საოჯახო თეატრი, რომლის ჭერ-კედლებიც, სხვათა შორის, XX ს-ის ათიანი წლების მიწურულს სერგეი სუდეიკინმა მოხატა) ტრადიციები. ასევე ადგილობრივი არტისტული კაფეების წინამორბედად შეიძლება დასახელდეს თბილისური დუქანი. ტაბატაძე, თ., არტისტული კაფე „ქიმერიონი“ და მისი მოხატულობა. ტფილისი, 1919 წელი, სადისერტაციო ნაშრომი, ხელნაწერი, თბილისი, 2009, გვ. 58-61

8-

თბილისში პირველი კაფე-კლუბი 1917 წელს გაიხსნა – „ფანტასტიკური სამიკიტნო“, რომელიც იური დეგენის, სანდრო კორონას და სხვა მხატვრებისა თუ პოეტების ინიციატივით შეიქმნა. ეს იყო ქალაქის ცენტრში პატარა ოთახი, რომელიც 10-15 კაცს იტევდა. აქ ალექსეი კრუჩონიხმა, ილია ზდანევიჩმა და იგორ ტერენტევმა დააარსეს ფუტურიზმის შემსწავლელი სახლი, სადაც იკითხებოდა ლექციები ზაუმური პოეზიის შესახებ. Kerdimun, B., Kirill Zdanevich and Cubo-Futurism: Tiflis, 1918-1920, New York, 1987 სიტყვით გამოდიოდნენ ცნობილი კომპოზიტორი და პოეტი ა. კორონა, სომეხი ფუტურისტი პოეტი ყარა-დარვიში (გენჯიანი), თბილისის მინიატურების თეატრის მსახიობი სოფია მელნიკოვა და იური დეგენი. კაფეს ხშირად სტუმრობდნენ „ცისფერყანწელები“ გრიგოლ  რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი... იხსენებდა, რომ სამ წელიწადში წაიკითხეს  200 ლექცია პოეზიის და პროზის შესახებ და ასამდე პოეტი ესტუმრა კაფეს. Кручёных, А., Фантастический Кабачёк, Куранты, Тифлис, 1919, N2, gv. 19 ოთახის ჭერ-კედლები მოხატული იყო ფანტასტიკური ფრესკებით და „ბროდიაჩაია სობაკას“ ასოციაციას იწვევდა. Гордеев, Д., Футуризм. ARS, Тифлис, 1918 2-3, gv. 135 ლადო გუდიაშვილმა აქ მოხატა მარცხენა კედელი, ჭერი და საფასადო კედლის ზედა ნაწილი, პეტრაკოვსკიმ - მარჯვენა კედელი და ჭერი, კარიკატურისტმა სერ გეიმ (სკრიპიცინი) - შესასვლელის მარცხენა კედელი, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძემ გააკეთა ნახატი კამარის მარცხენა მხარეს, რომელიც შემდეგ გააფერადა გუდიაშვილმა, პოეტმა ილია ზდანევიჩმა კამარის მარჯვენა მხარე მოხატა, პოეტმა იური დეგენმა -შესასვლელის მოპირდაპირე კედლის ნიშა და პატარა ნიშა მარცხენა კედელში და ა.შ. Катанян, В., Годовщина „Фантастического Кабачка“, Феникс, 1919, N1, gv. 14

9-

1918 წელს გაიხსნა მეორე პოპულარული ბოჰემური ტიპის სტუდია “არგონავტების ნავი” (ამჟამინდელი ოფიცრების სახლის სარდაფი). ეს აკმეისტების (პოეტთა თბილისური გილდია) შეხვედრების ადგილი იყო. აქ ხვდებოდნენ ერთმანეთს ს. გოროდეცკი (პოეტი), ს. რაფალოვიჩი (პოეტი), ა. ჩერეპნინი (კომპოზიტორი), ა. კორონა,სანდრო კორონამ სერგეი სუდეიკინთან ერთად 1923 წელს ნიუ-იორკში   
დააარსა კაფე-კლუბი `დაცემულ ანგელოზთა სარდაფი`. Коган,  Д., Сергей Судейкин. Москва,  Искусство,  1974,  გვ. 143-144
იაკობ ლვოვი (ჟურნალისტი), კირილე ზდანევიჩი, თეატრის დირექტორი ნ. ევრეინოვი და სხვები. კაფე მოხატეს ლ. გუდიაშვილმა, კ. ზდანევიჩმა, ა. ბაჟბეუქ-მელიქოვმა. რამდენიმე წლის წინ, ძეგლთა დაცვის სამმართველომ აქ საცდელი გახსნითი სამუშაოები ჩაატარა და გამოჩნდა მხატვრობის ფრაგმენტები. აღმოჩნდა, რომ ეს აქამდე დაღუპულად მიჩნეული ფრესკები შემორჩენილი ყოფილა ჭერსა და კედლებზე გადაღებილი ბათქაშის ქვეშ (სამწუხაროდ, მოგვიანებით, დაუდევრობისა თუ უცოდინრობის გამო, ჭერსა და სვეტებზე არსებული მხატვრობა ვანდალურად ჩამოიფხიკა და ამჯერად მხოლოდ ერთ დიდ კედელზეა დარჩენილი ამ უნიკალური მხატვრობის ფრაგმენტები, რომელიც კვლავაც შველას მოითხოვს).

10

ამათ გარდა თბილისში მოქმედებდა კაფე „ფარშევანგის კუდი“. ეს იყო აკმეისტების, სიმბოლისტების და ფუტურისტების თავშეყრის ადგილი.  მისი კედლებიც დაფარული იყო კირილე ზდანევიჩის და ზიგა ვალიშევსკის ფრესკებით.მაგაროტო, ლ., 1914-1921 წლების ტფილისის ლიტერატურულ-კულტურული ცხოვრება. ქართული მოდერნიზმი 1910-1930, თბილისი, 2006 იყო სხვა კაფეებიც: „ძმური ნუგეში“, „ჭიქა ჩაი“, „ინტერნაციონალი“, „იმედი“, „ქართული კლუბი“, „კაფე-დარბაზი“, „არტისტული საზოგადოების დარბაზები“ და მრავალი სხვა, სადაც უკვე ხსენებული საზოგადოება იკრიბებოდა. ამ კაფე-კლუბებში იმართებოდა კონცერტები, საბალეტი დადგმები, თეატრალიზირებული და ლიტერატურული საღამოები, საქველმოქმედო პროგრამები, ცნობილი მსახიობების, მომღერლების, მოცეკვავეების ბენეფისები...
მოვიყვანთ რამდენიმე ამონაწერს იმდროინდელი ჟურნალ-გაზეთებიდან, სადაც გამოქვეყნებული იყო ზემოთ აღნიშნული კაფე-დარბეზების სარეკლამო განცხადებები:
გაზეთი „ვოზროჟდენიე“ 1920 წელი, 17 იანვარი:
„არტისტული საზოგადოების“ დარბაზებში შაბათს, 1920 წლის 17 იანვარს, ტფილისის მეორე ვაჟთა გიმნაზიის მერვე კლასის უსახსრო მოწაფეთა სასარგებლოდ ეწყობა ბალ-კაბარე:
1)    ლიტერატურული განყოფილება. მონაწილეობენ: პაოლო იაშვილი, ქუჩიშვილი, ჯაფარიძე, ტაბიძე გალაქტიონი და კამენსკი;
2)    საკონცერტო განყოფილება. მონაწილეობენ მსახიობები: ქალბატონი ვოლ-ლევიცკაია, აგასოვა-კალანდაძე, ბ-ნი ზელინსკი, ინაშვილი, დიმოვი; ბალეტი: ბაუერვაკსი, ვაკარეცი, აღმოსავლური ცეკვები: არუს ვოსკანიანცი.
3)    დიდი კაბარე. ქალბატონი ორლოვას, ლეონოვას, ბატონი პროვოროვსკის, ქურხულის, დიმოვის, ნიროვის, ანტონოვის, კურბატოვის, დარსკის და სორეევის მონაწილეობით.
გაზეთი „ვოზროჟდენიე“ 27 იანვარი, 1920 წელი:
„საზოგადოებრივი კლუბი“ (ყოფილი „არგონავტების ნავი“ გოლოვინის 10) 28 იანვარი    
დიდი კაბარე საუკეთესო მსახიობების მონაწილეობით. ყოველ დღე უკრავს სიმებიანი ორკესტრი.
გაზეთი „ვოზროჟდენიე“ 1920 წელი 6 მარტი:
ქართული კლუბი, შაბათი, 6 მარტი
გორის გიმნაზიაში დაზარალებულთა დასახმარებლად
ქართული კლუბის უხუცესთა საბჭო აწყობს გრანდიოზულ საღამოს
თეატრში: 1. ქართული სპექტაკლი        2. რუსული დრამა „Тарто“
3. კონცერტი
კლუბის „კაბარე“ ყველა დარბაზში
(ორთაჭალის დუქანის ზედა დარბაზში დილის 6 საათზე)
სიმღერა, ცეკვები, კუპლეტები, დეკლამაცია
მონაწილეობენ მსახიობები ოპერის, დრამის „ტარტო“ და ქართული სტუდიის. ქორეოგრაფი ქ-ნი თარხანოვა: ლესგინკა, უზანდარი, კაურული და სხვა... ზურნა, ორღანი.
გაზეთი „ვოზროჟდენიე“ 1920 წელი 27 მარტი
ტფილისის კლუბების კავშირი
27 მარტს
თეატრი ტარტო და არტისტული საზოგადოების დარბაზები გორში მიწისძვრით დაზარალებულთა საპატივსაცემოდ აწყობენ:
გრანდიოზულ საღამოს:
ბალი-გაზაფხული: ლიდია ჯონსონი, კონსტანტინ ალპეროვი.
ცეკვები, მაზურკა ბალეტიდან კოპპელია.
კლუბის ყველა დარბაზში და მისაღებებში მფრინავი კონცერტები. მონაწილეობენ: კნიჟნა ანდრონიკოვა, ვესელოვზოროვა, დუნდერი, ოლგინა, ხორინა, კნიაზი ციციანოვი, შულგინი, სანდრო კორონა, პეტროგრადის და მოსკოვის უსაყვარლესი არტისტი, ცნობილი ბოში დიმიტრი მაკარევიჩ ფესენკო.
ყველა დარბაზი მდიდრულად დეკორირებულია ა. ზალცმანის მიერ.
გაზეთი „ვოზროჟდენიე“ 1919 წელი 15 აგვისტო:
თავის გადარჩენა სიცხისა და მოწყენილობისგან, სადაც სიგრილის ზღვაა.
ქ. ტფილისი, გრანდიოზული გახსნა მხატვრული თეატრ-კაბარესი „ლურჯი გომბეშო“.
პირველი ხარისხის საოჯახო რესტორნითურთ.
მიხაილოვის ქ. თამამშევის და მანთაშევის სახლი, №10
ყოველ დღე გრანდიოზული კონცერტი, დივერტისმენტები ვარშავის, კიევის, ოდესის და ხარკოვის თეატრების ცნობილი ბალეტმეისტერის მ. ა. ვალენტინოვის ხელმძღვანელობით. მონაწილეობენ ცნობილი ადგილობრივი და დედაქალაქის კაბარეები. გასტროლები რუსული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებლის ქ-ნ გრაფინია პოტოცკაიას, დებიუტი რუსული კასკადური მსახიობის მადმაზელ ზასლავსკაიას, დებიუტი მელო-დეკლამატორის მადმაზელ ლიუსი-ლიუსის, ცნობილი იუმორისტი ქ-ნი რატოვი, პრემიერა ნომერის „არგონავტების ნავი“, თავის ცნობილ სიმღერას „ვაშლი“ შეასრულებს თბილისის პუბლიკის რჩეული ბ-ნი ასკოლდოვი და მრავალი სხვა.
სამზარეულო აზიური და ევროპული, შეფ-კულინარი პაპაშა-ვანიჩკა, პრინც ოლდენბურგსკის ყოფილი მზარეული. სადილის დროს უკრავს სიმებიანი კვინტეტი. კაბარეს დასაწყისი 11 საათზე“.
ამ პერიოდის თბილისზე ბორის კერდიმანი წერს: „ეს იყო ის თბილისი, რომელიც ილია ერენბურგმა ნახა 1920 წელს თავისი მოკლე სტუმრობის დროს. ეს იყო ის თბილისი, რომელსაც ასე ხშირად იგონებდა ოსიპ მანდელშტამი თოვლით დაფარულ ვორონეჟში გადასახლების დროს.
თბილისი ჰგავდა ოაზისს უდაბნოში და იზიდავდა მათ, ვინც ცდილობდა ომისა და რევოლუციის ქარიშხალს გაქცეოდა.
მენშევიკების დროს საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდა თეთრებთან და წითლებთან. მარშრუტი ყირიმიდან მოსკოვში და სანკტ-პეტერბურგში თბილისზე გადიოდა. მეორე მარშრუტი თბილისიდან ბათუმის გავლით კონსტანტინეპოლში და იქიდან ევროპაში გადიოდა. ასე, რომ გასაგებია იგორ ტერენტიევის გამონათქვამი, “მაიდნიდან მატარებელი პირდაპირ ევროპაში მიდისო”, რადგანაც პეტრე დიდის გაღებული ფანჯარა ევროპაში ამ დროს ისევ მჭიდროდ დაიხურა.“ Kerdimun, B., Kirill Zdanevich and Cubo-Futurism: Tiflis, 1918-1920,  Catalogue of the exhibition of Ilia Zdanevich,  New York, 1987

11-

გრიგოლ რობაქიძე ასე აღწერს მაშინდელ თბილისს:

12-

„ტფილისი უცნაური ქალაქია, ხოლო 1919-1920 წლებში კიდევ უფრო აუცნაურდა. გამორეკილი თუ გამოქცეული რუსები თავს აქ აფარებდნენ. სცენიდან გაისმოდა კოჩალოვის ხმა... ტფილისშივე იყო ხოდოტოვი, სცენიდან მისი ხმაც ისმოდა. კომპოზიტორი ჩერეპნინი კაფეში შედიოდა მთვრალი და ნაღვლობდა რუსეთზე. მხატვარი სერგეი სუდეიკინი რესტორანს ხატავდა, რომელსაც ქართველმა პოეტებმა „ქიმერიონი“ დაარქვეს – სუდეიკინმა მართლაც აავსო რესტორანი ქიმერებით. მხატვარ საველიი სორინს ყელმოღერებულ თავადის ასულების პროფილები ტილოზე გადმოჰქონდა ლამაზი, მეტად ლამაზი ხაზებით... ვინ არ იყო მაშინ ტფილისში? ფუტურისტებმაც აქ გადადგეს ნაბიჯი დადაიზმისკენ. მათ შექმნეს ორგანო „41 გრადუსი“. ტფილისშივე იყო ილია ზდანევიჩი, დიდებული იყო, როცა კაფეებში თავის „სმერტ გაპპოს“-ს კითხულობდა... ვასილი კამენსკიც ეწვია მაშინ ტფილისს... იყვნენ სხვებიც.

13-

ტფილისი გახდა პოეტების ქალაქი. კაფე „ინტერნაციონალში“ კიდეც გამოაცხადეს პოეტების ქალაქად. კიდევ მეტი: გაიძახოდნენ – პოეზია მარტო ტფილისშიაო... ქვეყანა მართლაც იქცეოდა და მხოლოდ ტფილისი იყო ერთად ერთი ქალაქი, რომელიც ასეთ „ქცევას“ პოეტური მღერით ხვდებოდა.
ასეთი იყო ტფილისის ფანტასტიკა...“ რობაქიძე, გრ., ფალესტრა, გველის პერანგი, თბილისი: მერანი, 1988, გვ. 237-238

14

რუსული კოლონია მაიდნის მახლობლად დაარსდა.
ამ დროს თბილისში ლიტერატურული ჯგუფების, წრეების, სალონების, გაზეთებისა და სტამბების მთელი რიგი აღმოცენდა. სერგეი გოროდეცკიმ „პოეტთა თბილისის კავშირი“ დააარსა. იური დეგენმა ჩამოაყალიბა ხელოვანთა ასოციაცია აბჯარი, თავისი საკუთარი პოეტთა კავშირით. ტატიანა ვეჩორკამ თავის გარშემო შემოიკრიბა ჯგუფი, რომელსაც „ალფა-ლირა“ დაარქვეს. ს. გოროდეცკიმ (პოეტი) გამოსცა ჟურნალი „ARS“-ი,  ი. დეგენმა ჟურნალი „ფენიქსი“, რაფალოვიჩმა „ორიონი“ და ბორის კორნეევმა (პოეტი, კრიტიკოსი) „ქერილონი“. ბორის კორნეევი და ვასილი კატანიანი ARS-ის გამომცემლებიც იყვნენ.

15-
16-17

ილია ზდანევიჩმა და კრუჩონიხმა ჩამოაყალიბეს ფუტურისტთა სინდიკატი, რომელშიც მათთან ერთად შედიოდნენ კირილე ზდანევიჩი და ლადო გუდიაშვილი, პოეტები ნიკოლოზ ჩერნიავსკი და ყარა-დარვიში. ეს გაერთიანება მალე დაიშალა ჯგუფებად. ილია ზდანევიჩმა, ალექსეი კრუჩონიხმა და იგორ ტერენტიევმა შექმნეს ახალი გაერთიანება 41 გრადუსი თბილისის გეოგრაფიული განედის პატივსაცემად და ასევე, იმის აღსანიშნავად, რომ ადამიანის ორგანიზმისთვის ეს არის შესაძლებელი უმაღლესი ტემპერატურა.

18-

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თბილისის ბოჰემური ცხოვრების მებაირაღენი „ცისფერყანწელები“ იყვნენ.
როდესაც ცისფერყანწელებმა გადაწყვიტეს, ჰქონოდათ თავშეყრის ადგილი, საკუთარი კაფე, ისინი რესტორან „ანონაში“ დამკვიდრდნენ, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე, არტისტული საზოგადოების თეატრის შენობის სარდაფში მდებარეობდა (ახლანდელი შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის ქვედა ფოიე). დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ კაფეს სახელიც შეურჩიეს – “ქიმერიონი” (სახელი აღებულია ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსიდან, ხოლო იდეა გრიგოლ რობაქიძეს ეკუთვნოდა).

19-

„ქიმერიონი“ – ეს ახლად წარმოებული ტერმინი მწერლებმა და მხატვრებმა ყოფილ „ანონას“ რესტორანს უძღვნეს.
მართლაც მიზანშეწონილია ეს სახელი. მობძანდით, დარწმუნდებით.
ყოველი წერტილი რესტორანის შესასვლელისა თუ ჭერ-კედლების ახალი მხატვრობით არის მოფენილი. მე არ ვკითხულობ, ვის კალამს ეკუთვნის თითოეული ხაზი ამ მოხატულობათა, ეს კია, რომ მხატვრებს ჯადოსნური ფანტაზია გადაუტყორცნიათ დროსა და სივრცის მიმოხლართულ უფსკრულებისკენ...
აგერ მე ისევ შესასვლელშივე ვარ. ვუმზერ და ვტკბები. ვტკბები და ვიკარგები. ფერადთა უცნაური ორკესტრაცია. აი კედლებიც, აქ ყოველისფერია, ყოველისფერი. აი ეს თაღები, ეს ხავერდოვანი ფერადები ამ კედლების. მოსთვალეთ, მოსთვალეთ თუ შეგიძლიათ...“ – წერდა დავით კასრაძე.კასრაძე, დ., ქიმერიონი, გაზეთი საქართველო, 1920, N3
“ალბათ მთელს ქვეყანაზე არ არის კაფე, რომელიც იტევდეს იმდენ შთაგონებას და შემოქმედებას, როგორც „ქიმერიონი“ – წერდა ტიციან ტაბიძე.
გიორგი ლეონიძეს აქ ქორწილიც გადაუხდია. „მთელი ღამე ლექსების კითხვა    ისმოდა, სუფრა სანოვაგით ვერ ბრწყინავდა, მაგრამ ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს, ეფიცებოდნენ ერთმანეთს ძმობას და ასე გრძელდებოდა დილამდე“ – იხსენებს ლადო გუდიაშვილი. გუდიაშვილი, ვლ., როგორ მოვხატეთ ქიმერიონის კედლები, დროშა, თბილისი, 1964, N7

20

„ქიმერიონის“ დარბაზის მოსახატად მოუწვევიათ იმ დროს თბილისში მყოფი, რუსეთის საიმპერატორო თეატრის მხატვარი, პარიზის დიაგილევის სეზონის ოსტატი-დეკორატორი, პარიზის კაფეების მოხატულობის შესანიშნავი მცოდნე – სერგეი სუდეიკინი. რომელსაც, როგორც უკვე მოგახსენეთ, გაფორმებული ჰქონდა რამდენიმე კაფე რუსეთში. მასთან თანამშრომლობდნენ დ. კაკაბაძე და ლ. გუდიაშვილი. ზოგიერთი ცნობით, აქვე მუშაობდნენ კირილე ზდანევიჩი და ზიგა ვალიშევსკი (თუმცა, ფაქტობრივი მასალით, ეს ცნობა არ დასტურდება). დარბაზის გვერდითა სათავსოები ცოტა მოგვიანებით, 20-იან წლებში მოსე და ირაკლი თოიძეებს მოუხატავთ.
კაფე იხატებოდა 1919 წელს. იმ ატმოსფეროს ნინა მაყაშვილი ასე აღწერს: „კაფეში ღამ-ღამობით დავიარებოდით, მხატვრები კიბეებზე ისხდნენ, ჩვენ ქვევით ველოდებოდით. სასმელ-საჭმელი მიგვქონდა ხოლმე. სუდეიკინი აღფრთოვანებით გვიყვებოდა იმ ადამიანებზე, რომლებიც დამსხვრეულ სარკეებში იყურებოდნენ – ეს საოცარი იმპროვიზაცია იყო.
დილით მოჯადოებულები ვბრუნდებოდით შინ...“ ტაბიძე, ნ., ტიციანი და მისი მეგობრები, ქართველი მწერლები სკოლაში, თბილისი: დია, 2002
თავად ს. სუდეიკინზე კი შემდეგს მოგვითხრობს: „ტიციანი მოხიბლული იყო სუდეიკინით. ღია ცისფერი თვალები, მსუბუქი სხეული, ჭეშმარიტად ანტიკური. ასე ორმოცი წლის იქნება, მაგრამ ყველას ლიცეისტი ეგონება! ნამდვილი დორიან გრეია. მისი ნათელი თვალები დღესაც ახალგაზრდულ იერს ინარჩენებენ და შემოქმედებითს აღმაფრენასთან ერთად რაღაც სასოწარკვეთილებასაც ფარავენ.“იქვე
„სუდეიკინს მუდამ თან ახლდა მეუღლე – ვერა არტურის ასული, ლამაზი, ცისფერთვალება, გამვლელ-გამომვლელები თვალს აყოლებდნენ, ისეთი ლამაზი წყვილი იყო. ტიციანს აღაფრთოვანებდა მათი უსაზღვრო სიყვარული, ვერა არტურის ასულის საოცარი თავგანწირვა...”იქვე (აქ შევნიშნავთ, რომ ვერა ლური-სუდეიკინა რამდენიმე წელიწადში, ამერიკაში ჩასვლის შემდეგ, ცოლად გაჰყვა კომპოზიტორ იგორ სტრავინსკის).
კაფე „ქიმერიონში“ მოხდა თანამედროვე რუსული და ქართული მხატვრობის შერწყმა. თანაც, ეს შერწყმა იმდენად ორგანული და ბუნებრივი იყო, რომ მიუხედავად ამ სამი მხატვრის სრულიად გამოხატული სხვადასხვა ხელწერისა, მოხატულობა ერთიან ანსამბლურობას ემორჩილება და საერთო თეატრალურ, ოდნავ მისტიურ განწყობასაც ქმნის.

2122

ჟურნალ „ხათაბალას“ 1920 წლის გამოცემაში ვკითხულობთ: „29 თებერვალს „ქიმერიონში“ გაიხსნა ქართველ მწერალთა II ყრილობა... მთელი დარბაზი ერთ დიდ მხიარულებას წარმოადგენდა, ყველაფერი იცინოდა, ყველას სახე უღიმოდა, საცოდავი პატარა ქიმერებიც კედლებიდან ჩამოცოცებულიყვნენ და სიხარულისაგან, კბილდაკრეჭილნი მისჩერებოდნენ მწერლებს...“.
იქაურ საღამოებს პაოლო იაშვილი დირიჟორობდა. ლექსებს ამბობდნენ გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, შალვა ამირეჯიბი, ლელი ჯაფარიძე, აქ ლექსი უთქვამთ კონსტანტინ ბალმონტს, სერგეი გოროდეცკის, ილია ზდანევიჩს და მრავალ სხვას...

23-

აქვე მოვიყვანთ რამდენიმე ამონაწერს საგაზეთო განცხადებებიდან:
გაზეთი „ვოზროჟდენიე“ 1920წ. 25 იანვარი:
„ქიმერიონი“
დღეს:
ბალეტის დიდი საღამო.
ცეკვები სცენაზე
ცეკვები პუბლიკაში
საუკეთესო საბალეტო ძალების მონაწილეობით.
გაზეთი „ვოზროჟდენიე“ 1920წ. 20 თებერვალი:
„დიდი მასკარადი“, არტისტები პუბლიკაში, საერთო ცეკვები და სხვა.
გაზეთი „ვოზროჟდენიე“ 1920წ. 4 მარტი:
„ქიმერიონი“
ახალი პროგრამა: 1. ქორწინება გოგოლის მიხედვით 2. ბალეტი 3. ბოშების გუნდი.
„ქიმერიონი“
„ქართული საღამო“
1.    ღალატი 2. გუდიაშვილის „ქალაქ გარეთ“ გაცოცხლებული სურათი. მონაწილეობენ: ვ. ანჯაფარიძე, ბ. გამრეკელი, ს. ერისთავი, მ. გელოვანი, ა. ვასაძე, ს. ეპიტაშვილი, მ. ჭიაურელი, შ. ღამბაშიძე და სხვები.
კონსტანტინ ანდრონიკოვის დადგმა.
კონფერანსიე შავი ნიღაბი.
ქრონიკა:
სახელმწიფო რუსთაველის დრამის თეატრში სასწრაფოდ შეუდგნენ
გრ. რობაქიძის „ლონდას“ დადგმის სამზადისს. პიესა ლონდა გადაეცა სახელმწიფო გამომცემლობას დასაბეჭდათ. და დაბეჭდვამდი „ქიმერიონის“ პატარა დარბაზში ავტორი უკანასკნელად წაიკითხავს პიესას პოეტებისთვის.
„ქიმერიონი“:
ქიმერიონის პატარა დარბაზში ოთხშაფათობით სდგება ესთეტიკური
საღამოები, მხოლოდ პოეტებისთვის. I მოხსენება წაიკითხა ტ. ტაბიძემ „ჩვენი სეზონ“, სიტყვები წარმოთქვეს: გრ. რობაქიძემ, პ. იაშვილმა: ლექსები წაიკითხეს: ვ. გაფრინდაშვილმა და სხვა ახალგაზრდა პოეტებმა. შემდეგი მოხსენება დანიშნულია გ. ლეონიძის „ყანწელების ჰერალდიკა“ და შ. აფხაიძის „ყანწელების პროფილები“.
გაზეთი „ვოზროჟდენიე“ 1920წ. 11 იანვარი:
„ქიმერიონი“
პროგრამა ძირითადად შედგება ლეო გილის მინიატურებისგან, რომლებიც საკმაოდ მოხდენილად არის დაწერილი („ბურიდანის ვირი“, „შავი პაჟი“, „დასასრულის დასაწყისი“ და სხვა).
ქალთა შეწყობილი ანსამბლი: ქ-ბი: ოგნევა, ლისიცინა, მულინა, ლიახოვი, ჩუგაევი, მურსკაია (ზანგის სიმღერები). სახასიათო ცეკვები ლეონოვასი, ლანტრევიჩის და სეკერჟინსკის.
კონფერანსიე ელინი. მხატვარმა ზალცმანმა შესძლო ქიმერიონის პატარა
ესტრადა გადაექცია მოხერხებულ კუთხედ. უკანა სიბრტყეზე მან გამოსახა ცა, მახვილგონივრულად შექმნილი მარმაშის ქსოვილისაგან და მიაღწია პერსპექტივის ილუზიას. კარგი და კოლორიტულია მისივე შესრულებული შირმები...“
1920 წლის ოქტომბრის მიწურულს აქ მოეწყო ბოლო საღამო – „კონცერტი კაბარე“, ხოლო 1920 წლის ბოლოს ლიტერატურულმა კაფე-კლუბმა „ქიმერიონმა“ არსებობა შეწყვიტა. 1920 წლის დეკემბერში ყოფილი კაფე „ქიმერიონის“ დარბაზში იხსნება ჩვეულებრივი რესტორანი, რომელსაც ჯერ კიდევ „ქიმერიონს“ უწოდებენ, მაგრამ მას აღარაფერი აქვს საერთო ძველ ლიტერატორთა კაფე-კლუბთან. 1921 წლის ერთ-ერთ საგაზეთო სტატიაში ვლადიმერ წილოსანი წერს: „...როცა სუდეიკინმა გაიგო, რომ „ქიმერიონი“ კაბარედ გადაიქცა, ის დარდისაგან ავად გახდა და მოითხოვა, რომ მისი თანდასწრებით ეს სახელი აღარ ეხსენებინათ...“ და იქვე: „საწყენია, რომ სუდეიკინის ასეთ ღირსეულ შემოქმედებას, ამ ხელოვნების ძეგლს, გაკეთებულს ასეთი სიყვარულით ქართველი პოეტებისადმი და მხატვრებისადმი, შეეყრებათ სიგარეტის ნამწვავები, შეესხმებათ ღვინის ნარჩენები და ის გახდება მოქეიფე კამპანიების მასხრად აგდების საგანი...“Цилосани, В., Химерион. Борьба, Тифлис, 1921, 16.10
აქ გვინდა აღვნიშნოთ, რომ იმდროინდელი არტისტული საზოგადოების და განსაკუთრებით, „ცისფერყანწელების“  ბოჰემური ცხოვრება არც თუ ისე ერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევდა საზოგადოებაში. მრავალნი კიცხავდნენ მათ და ხშირად არც კი იღებდნენ თავიანთ წრეებში. ბევრმა არც ის აპატია ცისფერყანწელებს, რომ „წითლების“ მოსვლას ისინი თბილისის ქუჩებში თეთრი დროშების ფრიალით შეხვდნენ. თუმცა ამ ფაქტის ახსნაც შეიძლება, თუ შევეცდებით, რომ ჩავწვდეთ მათ განწყობას და ხასიათს. მაგალითად, პაოლო იაშვილის პირველთქმა-მანიფესტში ვკითხულობთ: „...შეითვისეთ უარყოფის სილამაზე, გმირული სიჩქარე, განათებული სიმაღლის სიყვარული, მღელვარების სიდიადე, დამსხვრევის იდუმალება. გიყვარდეთ მეხური მისტერიები, ცეცხლის მოკიდება მისი, რაც წარსულმა განადიდა, გაუღიმეთ სიკვდილის ძახილს...“ იაშვილი, პ., პირველთქმა-მანიფესტი, ცისფერი ყანწები, 1916, N1  ბავშვური მეამიტობით განმსჭვალული ცისფერყანწელებისთვის რევოლუცია სწორედ ასეთ მოვლენად იხატებოდა, მათ ხომ გარდა სიმბოლისტური ნიღბებისა, ფუტურისტული ლოზუნგებიც შეეთვისებინათ და ყოველგვარი რევოლუციური, ახლის მომტანი, მოძრაობისა და აქტიური მოქმედების გამომწვევი რომანტიკულად და იმედისმომცემად ეხატებოდათ...
თავისუფალი საქართველოს თბილისის კულტურული ცხოვრება ოთხ წელიწადამდე გაგრძელდა. ბრიტანელმა ჟურნალისტმა კარლ ბიჰოფმა ასე აღწერა მაშინდელი ქალაქი: „აქ ძალიან უცნაურ ხალხს იპოვით, პოეტებსა და მხატვრებს პეტროგრადიდან და მოსკოვიდან, ფილოსოფოსებს, თეოსოფებს, მოცეკვავეებს, მომღერლებს, მსახიობებს. პაოლო იაშვილი, ახალგაზრდა ქართველ პოეტთა ლიდერი, თბილისის მთავარ ბულვარში, კაფე ინტერნაციონალში გულითადი სუფრით შთაგონებული ავიდა სკამზე და ხმამაღლა წარმოთქვა – არა პარიზი, არამედ თბილისი არის მსოფლიო კულტურის ცენტრი“ - ო. Kerdimun, B., Kirill Zdanevich and Cubo-Futurism: Tiflis, 1918-1920,  Catalogue of the exhibition of Ilia Zdanevich,  New York, 1987
სამწუხაროდ, მალე, 1921 წლის თებერვალში, რუსეთის რევოლუციის სუსხმა და ქარიშხალმა საქართველოსაც გადაუარა. იმ ადამიანების დიდი უმრავლესობა, ვინც თბილისი “პოეტების ქალაქად” და საქართველო „ოაზისად“ აქცია, გადასახლებებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში აღმოჩნდა. ბევრი იმ ავადსახსენებელ 30-იან წლებს შეეწირა. ქართული ინტელიგენცია, რუს შემოქმედთა მსგავსად, უცხოეთში გადაიხვეწა და მათი ცხოვრების ბოლო წუთებამდე სიზმრისეულ მოგონებად დარჩა იმ მშვენიერი წლების ატმოსფერო, რომელიც, როგორც დავით კასრაძე წერდა „განთავისუფლებული საქართველოს ახალი პოლიტიკის არქიტექტორებმა“ შექმნეს.

ნანახია: 43536-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani